სააკაშვილი: რუსეთს ეთნიკურ წმენდაში ვადანაშაულებ

”კაცობრიობის თვალწინ რუსული ძალები ეთნიკურ წმენდას ახორციელებენ, სასტიკად და უმოწყალოდ ჩემს ქვეყანაში, და ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია,” განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 14 აგვისტოს უცხოელი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის ქართულ სოფლებში და გორის რაიონში მოხდა ეთნიკური წმენდა, არამედ ზემო კოდორის ხეობაშიც.

”რაც რუსეთმა გააკეთა ამ [სამხედრო] ინტერვენციით არის ის, რომ შემოვიდა და ეთნიკურად გაასუფთავა, ეთნიკურად გაწმინდა საქართველოს ორი ტერიტორია – მთლიანად გაწმინდა ზემო აფხაზეთი და მთლიანად გაწმინდა სამხრეთ ოსეთი,” – განაცხადა სააკაშვილმა.

”მე ვადანაშაულებ რუსეთის ხელისუფლებას ეთნიკური წმენდის მიზანმიმართულ პოლიტიკაში და მე შემიძლია ამის დამტკიცება. ჩვენ 1 400 ცნობა მივიღეთ სასტიკი თავდასხმების, მკვლელობების და გაუპატიურების შესახებ,” – განაცხადა მან. 

მისი თქმით, ეს ”ბარბაროსული” საქციელი უნდა შეჩერდეს.

საქართველომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების საშუალებით დაარღვია კონვენცია, რომელიც რასიზმის აღმოფხვრას ეხება, განაცხადა სასამართლომ 12 აგვისტოს.   

სასამართლოს პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ საქართველოს მტკიცებით რუსეთმა დაარღვია 1965 წლის საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინიციის ყველა ფორმის აღმოფხვრის თაობაზე (CERD) ”სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მისი ინტერვენციის სამი მკაფიო ფაზის დროს” 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტოს პერიოდში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)