სააკაშვილი დასავლეთს აკრიტიკებს ”მდუმარე რეაქციის” გამო

აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან 15 აგვისტოს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ”ევროპული ქვეყნების უმეტესობა” საქართველოში შემოსაჭრელად რუსეთის მზადებაზე ”მდუმარე და წყნარი” რეაქციის გამო გააკრიტიკა.

თავის ემოციურ გამოსვლაში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ძალები, რომლებიც საქართველოს უტევენ, ”21 საუკუნის ბარბაროსები არიან”. ”ეს ყველაფერი უნდა აღიკვეთოს; ჩვენ ვუყვიროდით მსოფლიოს, რომ რუსეთი აპირებდა ამის გაკეთებას,” – განაცხადა მან.

ქვემოთ მოცემულია პრეზიდენტის ინგლისურად გამოსვლის თარგმნილი ნაწყვეტი პრესკონფერენციიდან:

”მე მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება იმ მოვლენებს, რაც წინ უძღვოდა შემოჭრას და ოკუპაციას.

როცა აპრილში ბუქარესტში საქართველოს უარი უთხრეს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაზე, მე გავაფრთხილე დასავლური მედია, რომ ეს პრობლემებს გამოიწვევდა. მათ მხოლოდ წევრობის სამოქმედო გეგმაზე კი არ თქვეს უარი, არამედ მათ უთხრეს მსოფლიოს, რომ ისინი უარს ეუბნებიან საქართველოს ამ გეგმაზე არსებული ტერიტორიული კონფლიქტების გამო, გამოიწვიეს რა ამით სირთულეები. და მე ვუთხარი მსოფლიოს, რომ ეს ყველაზე უარესი რამაა, რაც შეეძლოთ ეთქვათ რუსებისთვის, რომ არავითარი ნატო არ იქნება, სანამ აქ არის კონფლიქტები და რაც უფრო მეტი კონფლიქტები იქნება, მით უფრო ნაკლები იქნება შემოთავაზება ნატოში გაწევრიანებაზე.

მაშინვე აპრილის შემდეგ, ბუქარესტის შემდეგ – და ახლა შემიძლია გითხრათ, რომ რუსებმა აღიქვეს ბუქარესტი – და მე ესეც აღვნიშნე მაშინ და მერე ზოგიერთმა დასავლელმა კომენტატორმა გამაქილიკა კიდეც როცა თქვა, რომ თავგაცხელებული სააკაშვილი სისულელეს ამბობს ისევ –  მე ვუთხარი მათ, რომ რუსეთი აღიქვამს ამას, როგორც ახალ მიუნხენს. ბუქარესტი მათ მართლაც აღიქვეს ახალ მიუნხენად.

და რაც ამას მოჰყვა არის ის, რომ მათ სასწრაფოდ დაიწყეს აფხაზეთში ინფრასტუქტურის აღდგენა, თავისი სარკინიგზო ჯარების შემოყვანა რკინიგზის ასაშენებლად დაუსახლებელ, აფხაზეთის ეთნიკურად გაწმენდილ ადგილებში, აცხადებდნენ რა ცინიკურად, რომ მათ ჰუმანიტარული მიზნები ამოძრავებდათ.

და მე ვყვიროდი მსოფლიოს გასაგონად, რომ ეს ტანკების შემოსაყვანად კეთდება. მათ სატანკო ბაზები ააშენეს მთელ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ჯავის რაიონში.

ტანკების შემოყვანა, ვუთხარით ჩვენ მსოფლიოს, ეს ინტერვენციის დაწყებაა. მათ დაიწყეს მრავალი სამხედრო სპეციალისტის შემოყვანა, დაზვერვის, მედესანტეების. ჩვენ ისევ შევყვირეთ მსოფლიოს შეეჩერებინა ეს. იყო რამოდენიმე განცხადება ვაშინგტონიდან, მაგრამ უნდა გითხრათ, ევროპული ქვეყნების უმეტესობამ, რამდენიმე აღსანიშნავი გამონაკლისის გარდა, სრული სიჩუმე და წყნარი რეაქცია გამოხატა. რუსები ფრთხილად ადევნებდნენ თვალს ამ რეაქციებს, ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდნენ- თავიდან ინფრასტრუქტურა, შემდეგ დამატებითი ძალები, მერე გარკვეული სამართლებრივი აქტები, მერე ისევ ინფრასტრუქტურა, კვლავ შემოსევა და ფრთხილი ლოდინი, რას იტყოდნენ ევროპელები, რა იქნებოდა კონტრ-რეაქცია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ეს კი რეალურად არ მოჰყოლია.

ქალბატონო მდივანო, როცა ჩვენ აქ ვიდექით წინა ჯერზე, რამდენიმე კვირის წინ [10 ივლისს თბილისში ვიზიტისას], მაშინ ადგილი ჰქონდა რუსული თვითმფრინავების შემოფრენას ქართულ საჰაერო სივრცეში, სამხრეთ ოსეთის თავზე. და თქვენ ეს ისევე გახსოვთ, როგორც მე, რომ ამას სათანადო ყურადღება არ მივაქციეთ, მე თავადაც ასე მოვიქეცი – ვთქვი, რომ ალბათ ესენი აქ არიან უბრალოდ თქვენ მისასალმებლად.

მაგრამ მაშინ მათ თქვეს: დიახაც, ეს ჩვენ ვიყავით, ჩვენ შევფრინდით იქ, მიუთითებდნენ რა რომ ეს იყო  ქართველების დაბომბვის მცდელობა და ისევ ნახეს ევროპელების რეაქცია – არცერთმა ევროპულმა ქვეყანამ არ თქვა არაფერი ამაზე.

მაშინ ვინ მოიპატიჟა აქ სირთულეები, ვინ მოიწვია ეს ქედმაღლობა, ვინ გამოიწვია ეს უდანაშაულო მსხვერპლი აქ. არა მხოლოდ ის ხალხი, ვინც დაგვსაჯა ისინი არიან პასუხისმგებელნი, არამედ ისინიც, ვინც ვერ შეაჩერა ისინი [რუსეთი]. ვინ ცდილობს ახლა პატიების მიღებას იმის თქმით, რომ ”ქართველებს შეეძლოთ ამის დაწყება”. უკაცრავად, მაგრამ 1 200 ტანკი საქართველოში შემოვიდა რამდენიმე საათში. არ არსებობს, რომ ამ რაოდენობის ტანკების შემოყვანა შეძლო ასე სწრაფად, თუ მზად არ ხარ.

ყველა ეს მოძრაობა იყო სახეზე, იმ ადგილის გარშემო. იცით, რომ როცა ყველაფერი ეს დაიწყო, მინდა მსოფლიომ გაიგოს, რომ მე შვებულებაში გავდიოდი, ჩემი თავდაცვის მინისტრი დასასვენებლად მიდიოდა. როცა ეს დაიწყო მომიწია უკან დაბრუნება, შევწყვიტე შვებულება. როცა დაძაბულობა გამწვავდა მე მომიწია უკან გამომეძახებინა ჩვენი თავდაცვის მინისტრი, ჩვენი მაღალჩინოსნების უმეტესობა წასული იყო, გადაწყვეტილების მიმღებთა უმეტესობას, ვის მოძებნასაც ვცდილობდი, დასასვენებლად იყვნენ წასულები.  ამ ინტერვენციისთვის მშვენივრად იყო  დრო შერჩეული.

სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ბოროტ სულს პირდაპირ ვუყურებთ თვალებში. და დღეს ის ძალიან ძლიერია, ძალიან საზარელი და ძალიან სახიფათო ყველასთვის, არა მხოლოდ ჩვენთვის. ესაა რაც ვიწვნიეთ, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაწილია. მოდით მეორე ნაწილი დავწეროთ ერთად და დავწეროთ მსოფლიოს ეს ისტორიული თავი თავად მსოფლიოსთვის.

ჩვენ ხელახლა ავაშენებთ, ჩვენ გვინდა მათი გასვლა. 

მინდა მსოფლიომ იცოდეს – არასოდეს საქართველო არ შეეგუება მისი სუვერენული ტერიტორიის ერთი კვადრატული მეტრის ოკუპაციასაც კი, არასოდეს. ესაა ყოფილი კგბ-ს ჯარისკაცების გაძღოლილი ძლიერი ძალა, ვისი ტანკებიც იქნენ გამოყვანილი ავღანეთიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან და ახლა ისინი მოიწევენ კვლავ უკან სხვა ქვეყნებისკენ. საქართველო იყო პირველი, ვინც მათი დარტყმა იგემა, მაგრამ ისინი ისევ მოძრაობენ, ქედმაღლები არიან, ისინი არ გაჩერდებიან.

მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არასოდეს ჩვენი პატარა ქვეყანა საქართველო, რომელმაც უკვე გაიარა ამ ბარბაროსების 70-წლიანი ბატონობა მე-20 საუკუნეში პირველად და ახლა უკვე 21-ე საუკუნეში თითქმის იგივე პირობებშია – 1921  წელს რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველომ ერთ-ერთ თავის უმცირესობას შეუტია და შემოვიდა აღმოსავლეთიდან საქართველოში და 70-წლიანი ოკუპაცია მოახდინა და ჩვენ ეს წლები კომუნიზმში გავატარეთ, მონობასა და დამცირებაში. მე ვიზრდებოდი იდეით, რომ ეს არასოდეს მოხდებოდა. 

მე მეტირებოდა, როცა ბერლინის კედელი დაინგრა. ვიფიქრე ყოფილი ”კაგებეშნიკები” კარგ საქმეს შეუდგნენ. მაგრამ ვცდებოდი.

მაგრამ ერთში არასოდეს შევმცდარვარ და არც არასოდეს შევცდები და მყარად დავდგები ამ პოზიციაზე ჩემს ხალხთან ერთად  – თქვენ იხილეთ დიდი თავყრილობა თბილისის ცენტრში ორი დღის წინ – ჩვენ არასოდეს არ ჩავბარდებით, არასდროს ვიტყვით უარს ჩვენს თავისუფლებაზე და დამოუკიდებლობაზე, არ დავთმობთ ჩვენი ტერიტორიის არცერთ ნაწილს და თავისუფლება მივა საქართველოს ყველა კუთხეში, ყველა ეთნიკურ ჯგუფთან და ჩვენ საბოლოოდ მოვიცილებთ ამ დამპყრობლებს. მე სრულიად დარწმუნებული ვარ ამაში”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)