რუსეთი 18 აგვისტოდან დაიწყებს რეგულარული ჯარების გაყვანას – მედვედევი

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი თავისი რეგულარული ჯარების გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან 18 აგვისტოს დაიწყებს, იტყობინება კრემლი.

ამის შესახებ მედვედევმა საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის დღეს გამართულ სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომლის დროსაც ყველა მხარის მიერ ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი გეგმის პრაქტიკული რეალიზაციის საკითხები იქნა განხილული. 

”აღნიშნა რა ქართული მხარის მიერ საჯარისო ფორმირებების მათი მუდმივი დისლოკაციის ადგილებში დაბრუნების უპირობო და ზუსტი შესრულების საჭიროება, მედვედევმა აცნობა სარკოზის, რომ ხვალიდან რუსეთი დაიწყებს თავისი კონტინგენტის გაყვანას, რომელიც შეყვანილი იყო რუსული სამშვიდობოების გასაძლიერებლად სამხრეთ ოსეთში საქართველოს აგრესის წინააღმდეგ,”- იუწყება კრემლი 17 აგვისტოს. 

ამავე ცნობით, პრეზიდენტები შეთანხმდნენ რეგულარულ კონტაქტებზე. 

ჯარების გასაყვანად მზადება მიმდინარეობს, განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა 17 აგვისტოს.

“საუბარია რუსული სამხედრო შენაერთების თანდათან დაბრუნებაზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მათი მუდმივი დისლოკაციის ადგილებში,” – იტყობინება “ინტერფაქსი” ნოგოვიცინის სიტყვებზე დაყრდნობით. მან ეს განცხადება მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

ამავდროულად, “როიტერი” იტყობინება გენერალ-მაიორ ალექსანდრე ბორისოვის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელიც გორში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარებას აკონტროლებს, რომ “კოლონები ცხინვალიდან რუსეთისკენ მიემართებიან”.

“უნდა გაიგოთ, რომ უზარმაზარი რაოდენობის ძალებია,” – განაცხადა მან. იგი იმას გულისხმობდა, რომ ამ ძალების გაყვანას დრო სჭირდება.

რუსი მეთაურის ამ განცხადების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ რუსული ძალების მოძრაობა არის მზადება გასაყვანად და არა თავად გაყვანის პროცესი.

რუსი ჯარისკაცები გორის გარშემო და ცენტრალურ მაგისტრალზე პოზიციებს ინარჩუნებენ. ბორისოვმა ასევე განაცხადა, რომ მისი შენაერთები დარჩებიან თავიანთ პოზიციებზე, რათა უსაფრთხო გაყვანის პროცესი უზრუნველყონ. “ჩვენ პირველები შემოვედით და ბოლოები გავალთ,” – განაცხადა მან.

ამავდროულად, ხაშურის ადგილობრივმა მკვირდრმა Civil.ge-ს 17 აგვისტოს განუცხადა, რომ ადგილობრივებმა ოსიაურის სამხედრო ყაზარმებში შენიშნეს რუსი ჯარისკაცები.

“სისტემურად ნადგურდება ჩვენი სამხედრო ინფრასტრუქტურა და არანაკლებ მტკივნეულად ხდება ჩვენი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება,” – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ BBC World-ს 16 აგვისტოს.

ამავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აფხაზურმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს ზუგდიდის რაიონის ორ ქართულ სოფელზე  – განმუხურზე და ხურჩაზე.

“აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ დროებითი ადმინისტრაცია შექმნა,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა 17 აგვისტოს ასევე განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე დაამყარეს კონტროლი “რათა ვუზრუნვეყოთ პირობები სადგურის შეუზღუდავი მუშაობისთვის და მისი პერსონალის უსაფრთხო მუშაობისთვის”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)