რუსეთი ჯარების გაყვანის ბოლო ვადას ასახელებს

ოფიციალური ინფორმაციით, 21-მდე სამხედრო პოლიციელი დააკავეს რუსმა სამხედროებმა ფოთში. რუსულ ჯავშანმანქანაზე მსხდომი თვალებახვეული ქართველი ძალოვანები ჩანან CNN-ის მიერ გადაღებულ კადრებში.  ასევე 19 აგვისტოს, რუსულმა ჯარებმა ხელში ჩაიგდეს ამერიკული ჰამერები”, რომლებიც ფოთში წასაღებად იყო გამზადებული მას შემდეგ, რაც ერთობლივ ქართულამერიკულ წრთვნებში იქნა გამოყენებული 

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განუცხადა თავის ფრანგ კოლეგას, რომ რუსეთი თავის ჯარებს საქართველოს სიღრმიდან 22 აგვისტოსთვის გაიყვანს, იუწყება კრემლი სამშაბათს საღამოს.

ორმა პრეზიდენტმა განიხილა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვს-პუნქტიანი შეთანხმების შესრულების საკითხი მორიგ სატელეფონო საუბარში, რომელიც საფრანგეთის მხარის ინიციატივით შედგა.

”[რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა] რომ 22 აგვისტოსთვის, მას შემდეგ, რაც საგუშაგოები შეიქმნება და მათი განთავსების ადგილები დადგინდება სამშვიდობოების ნაწილი გაყვანილი იქნება უსაფრთხოების დროებით ზონაში, რომელიც განსაზღვრულია შერეული საკონტროლო კომისიის 1999 წლის გადაწყვეტილებით,”- ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში, ”დანარჩენი კონტიგენტი, რომელიც სამშვიდობოების გაძლიერებას ემსახურება, გაყვანილი იქნება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და რუსეთში”.

სხვა დეტალები უცნობი რჩება.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი დაუკავშირდა ნიკოლა სარკოზის მას შემდეგ, რაც ფრანგმა პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა.

”მან კვლავ, როგორც მე მითხრა, მოუწოდა რუსებს საქართველოდან გასვლისკენ,”- განაცხადა სააკაშვილმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე 19 აგვისტოს თბილისში.

სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ბრალდებები, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია მთავრობის ჩამოგდებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დამხობის მიზნით.

”რუსეთის მიზანი იყო ხელისუფლებისთვის ბოლოს მოღება; ისინი ანადგურებენ და ძირს უთხრიან საქართველოს სახელმწიფოს; მათ ჩემი ხალხის დემორალიზება სურთ და მისი პანიკაში ჩაგდება და მათ უნდათ არა მარტო საქართველოს ხელისუფლების მოშორება, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეის მოშორება,” – განაცხადა მან.

”ჩვენთვის ერთი რამ არის ნათელი: ისინი ვერ გვაჯობებენ და ვერ დაგვაჩოქებენ; ქართველი ხალხი კარგად უმკლავდება მათ,” – განაგრძო სააკაშვილმა. ”მე შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთის მიერ ჩემი ქვეყნის ოკუპაცია მიუღებელია და ამის ატანა შეუძლებელია, და უნდა გითხრათ, რომ ეს პრობლემებს შეუქმნის ოკუპანტებს. ქართველმა ხალხმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არ აყოლოდნენ პროვოკაციებს”.

”ქართველები განაგრძობენ მშვიდობიან წინააღმდეგობას და ეს მშვიდობიანი წინააღმდეგობა გაგრძელდება და გაძლიერდება. ერთი, რაც შემიძლია დავპირდე რუსებს, რომ საქართველო არ დაეცემა და სამოქალაქო მშვიდობიანი წინააღმდეგობა გაძლიერდება და ჩვენ საბოლოოდ შევქმნით პირობებს, რომ მათ გასვლის გარდა სხვა ვარიანტი აღარ ექნებათ”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)