ნავთობით დატვირთული ეშელონი გორთან ახლოს აფეთქდა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კადრი.

ნავთობის გადასაზიდი სარკინიგზო ეშელონი, რომელიც ”აზერპეტროლს” ეკუთვნოდა, გორის დასავლეთით, სოფელ სკრასთან  24 აგვისტოს აფეთქდა.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მატარებლის აფეთქება ალბათ რუსების მიერ დატოვებულმა ნაღმმა განაპირობა.

აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სულ ცოტა ორი ახლომდებარე სახლი დაზიანდა.

აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი 16 აგვისტოს კასპთან მომხდარი აფეთქების შედეგად მწყობრიდან გამოვიდა. თბილისმა მომხდარში რუსული ძალები დაადანაშაულა, თუმცა მათ კატეგორიულად უარყვეს ეს ბრალდება.

საქართველოს რკინიგზის ცნობით, ნავთობით დატვირთული ეშელონი ალტერნატიულ რგინიგზაზე მოძრაობდა, რომელიც გვერდს უვლის 16 აგვისტოს აფეთქებულ სარკინიგზო ხიდს.

სატელევიზიო კადრში ჩანს დაუზიანებელი ცისტერნა ლოგოთი ”აზერპეტროლი”. ეს აზერბაიჯანული ნავთობკომპანია ფლობს ბენზინგასამართ სადგურებს საქართველოსა და აზერბაიჯანში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)