აშშ-ს საზღვაო ძალებს ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება რომელ პორტში შემოვა ჰუმანიტარული ტვირთი
აშშ-ს საზღვაო ძალები და საქართველოს მთავრობა ამჟამად იმას ადგენენ, რომ მორიგი ამერიკული ჰუმანიტარული დახმარება საზღვაო გზით შემოვა ისევ ბათუმის პორტში, თუ ფოთში, განუცხადა აშშ-ს საზღვაო ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა Civil.ge-ს.
მანამდე ”როიტერი” და Associated Press იტყობინებოდნენ საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომ ამერიკული გემი მორიგ ჰუმანიტარულ ტვირთს საპორტო ქალაქ ფოთში შემოიტანდა 27 აგვისტოს.
თუმცა, აშშ-ს საზღვაო ძალების წარმომადგენელმა ჯონ გეიმ Civil.ge-ს ტელეფონით განუცხადა: ”მე ამჟამად არ შემიძლია დავადასტურო რომელი პორტი იქნება არჩეული”.
მისი თქმით, აშშ-ს სანაპირო დაცვის გემი Dallas (WHEC 716) საქართველოსკენ მოემართება.
”აშშ-ს საზღვაო ძალები ამჟამად მუშაობენ საქართველოს მთავრობასთან იმის განსასაზღვრად, თუ რა იქნება მორიგი ჰუმანიტარული ტვირთის ჩამოსატანად საუკეთესო ადგილი,”- განაცხადა მან, ”ეს გემი იქნება Dallas-ი, მაგრამ ისინი ზუსტად ახლა მუშაობენ საქართველოს მთავრობასთან იმაზე, თუ სად სურს საქართველოს მთავრობას ამ ტვირთის მიღება”.
”ჩვენ ყველა შესაძლებლობას განიხილავთ,”- განაცხადა მან და დასძინა, რომ გადაწყვეტილება მალე, ”ალბათ დღეს” იქნება მიღებული.
რუსული ძალები კვლავ განთავსებულები არიან ფოთის შესასვლელთან, სადაც მათი ორი ბლოკსაგუშაგოა გახსნილი.
ამერიკულმა რაკეტსაწინააღმდეგო გემმა – USS McFaul პირველი ჰუმანიტარული ტვირთი 24 აგვისტოს ფოთის ნაცვლად, ბათუმში ჩამოიტანა.
ჯონ გეიმ განაცხადა, რომ USS McFaul-მა უკვე დატოვა ბათუმი, თუმცა ჯერ ისევ შავ ზღვაში იმყოფება.
ამასთან ერთად, რუსეთის გენშტაბის მეთაურის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა 26 აგვისტოს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნების გემების შავ ზღვაში ყოფნა არ უწყობს ხელს რეგიონში სტაბილურობას.
”ძნელია იმის დაჯერება, რომ სამხედრო გემები მართლაც ჰუმანიტარული დახმარების ჩამოსატანად არიან,”- განაცხადა ნოგოვიცინმა.
მისი თქმით, ნატოს ქვეყნების უკვე 10 გემია შავ ზღვაში მობილიზებული და კიდევ 8 მოემართება.
ნოგოვიცინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ფლოტის გემები კვლავ სოხუმთან დგანან, რათა რუსული სამხედრო ტექნიკა და პირადი შემადგენლობა დააბრუნონ რუსეთში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)