საქართველო შეკვეცს დიპლომატიურ ურთიერთობებს რუსეთთან – იაკობაშვილი
თბილისი, როგორც ”მინიმუმ”, სერიოზულად შეკვეცს დიპლომატიურ ურთიერთობებს რუსეთთან, განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა 27 აგვისტოს.
”გაუქმება [დიპლომატიური ურთიერთობების] იქნება თუ არა, ამას გადავწყვეტთ რამოდენიმე დღეში,”- აღნიშნა მან, ”ჩვენ გვინდა, რომ მაინც ცივილურად მოვიქცეთ და ქვების სროლა არ დავიწყოთ, მაგრამ იმის გარანტიას გაძლევთ, რომ ეს იქნება შემცირებული მინიმუმამდე. უბრალოდ ჩვენ არ გვინდა გავრისკოთ იმ ქართველების ბედი, რომელთაც სჭირდებათ ხოლმე მისვლა-მოსვლა [ორ ქვეყანას შორის]”.
მოსალოდნელია, რომ თბილისი შეინარჩუნებს საკონსულო დონეზე ურთიერთობებს მოსკოვთან.
იმავდროულად, იაკობაშვილმა რუსეთის ”ისტორიული” შეცდომა უწოდა საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონების აღიარებას. მისი თქმით, ამით რუსეთი დასავლეთს დაუპირისპირდა, რაც მისთვის დამღუპველია, რადგან დასავლეთს გააჩნია ყველა მექანიზმი მოსკოვის დასასჯელად.
”ვინც იცის კავკასიის დემოგრაფია, ხვდება, რომ რუსეთი კატასტროფის წინაშეა კავკასიაში,”- განაცხადა მან, ”ვინც ხვდება, რომ რუსეთის ეკონომიკა ვერ განვითარდება, თუ არ იქნა დასავლური ფული, რომელიც დღეს მასიურად გაედინება რუსეთიდან, ხვდება, რომ რუსეთის ეკონომიკა კოლაფსის წინაშეა”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)