ვენესუელას პრეზიდენტი რუსეთის ნაბიჯს მიესალმა
ვენესუელას პრეზიდენტმა ჰუგო ჩავესმა განაცხადა, რომ რუსეთი მართებულად მოიქცა, როცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
”რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთს. რუსეთი მართალია და იცავს თავის ინტერესებს,”- განაცხადა ჩავესმა 29 აგვისტოს, იუწყება ”როიტერი.”
”Associated Press”-ი იტყობინება, რომ ვენესუელას პრეზიდენტმა გააკრიტიკა საქართველო კონფლიქტის გაღვივების გამო და მიხეილ სააკაშვილს ვაშინგტონის ”მარიონეტი” უწოდა.
ბელარუსმა ასევე გააკეთა ანალოგიური განცხადება აღნიშნა რა, რომ რუსეთს ”არ ჰქონდა სხვა მორალური არჩევანი” გარდა საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონების აღიარებისა.
თუმცა არც ვენესუელას და არც ბელარუსს ფორმალურად არ უღიარებია საქართველოს ამ რეგიონების დამოუკიდებლობა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 29 აგვისტოს განაცხადა, რომ ”სრულიად მსოფლიო” გაერთიანდა რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ.
”რუსეთის ამ სამარცხვინო აღიარებას, რუსეთის გარდა არავინ არ ეთანხმება. თუკი ვინმე დაეთანხმება იქნება ერთი-ორი მათივე კუდი – არშემდგარი სახელმწიფო,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, ”დღეს რუსეთი იზოლირებულია როგორც არასდროს”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)