პუტინი საქართველოსთვის ჰუმანიტარულ დახმარებაზე, შავ ზღვაში ნატოს გემებზე საუბრობს

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ ჰუმანიტარული დახმარება მიიღეს ”აგრესორებმა” და არა კონფლიქტის შედეგად რეალურად დაზარალებულებმა.

”თუ ჩვენ ჰუმანიტარულ დახმარებაზე ვსაუბრობთ, ის უნდა მიიღოს აგრესიის მსხვერპლმა, რომელსაც სამხრეთ ოსეთი წარმოადგენს,”- იუწყებიან რუსული სააგენტოები პუტინის სიტყვეზე დაყრდნობით, ”ჩვენთვის გაუგებარია რას აკეთებენ აშშ-ის გემები საქართველოს სანაპიროზე; მაგრამ ეს გემოვნების საკითხია და ჩვენი ამერიკელი კოლეგების გადაწყვეტილება”.

”მეორე საკითხია,”- განაგრძო მან 2 სექტემბერს უზბეკეთის დედაქალაქში ტაშკენტში საუბრისას, ”რატომ იქნა ეს დახმარება ჩატანილი თანამედროვე სარაკეტო აღჭურვილობის მქონე სამხედრო გემებით”.

მისი თქმით, ნატოს გემების ყოფნა შავ ზღვაში ”წყნარად, ყოველგვარის ისტერიის” გარეშე უნდა იქნას აღქმული. ”მაგრამ იქნება პასუხი,”- აღნიშნა პუტინმა.

მან ასევე გააკრიტიკა დასავლეთის მოწოდებები საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანის თაობაზე და განაცხადა: ”ჩვენ საერთოდ აღარ გვყავს შეიარაღებული ძალები საქართველოში”.

”იქ არიან მხოლოდ სამშვიდობოები,”- განაცხადა პუტინმა, ”მხოლოდ 500 მათგანი… და მათი ერთადერთი საქმეა უსაფრთხოების დაცვა”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)