სააკაშვილი შეთანხმებას წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 9 სექტემბერს შუაღამისას თავის ფრანგ კოლეგასთან ნიკოლა სარკოზისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ორშაბათის მოლაპარაკებებს ”წინ გადადგმული ნაბიჯი” უწოდა.
”ერთი ნაბიჯი გადაიდგა წინ ექვს-პუნქტიანი გეგმის სრული განხორციელებისკენ,” – განაცხადა სააკაშვილმა.
თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ”საწყისი ეტაპია იმ უზარმაზარი სამუშაოსი, რომელიც წინ გველოდება”.
”ჩვენ დიდი გზა გვაქვს წინ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ,” – განაცხადა სააკაშვილმა. ”არავითარ შემთხვევაში საქართველო არ იტყვის უარს მისი სუვერენიტეტის ნაწილზე, მისი ტერიტორიის ნაწილზე”.
მან ხაზი გაუსვა, რომ რუსული ჯარები უნდა გავიდნენ არა მხოლოდ რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიის შიგნით შექმნილი ბუფერული ზონებიდან, არამედ იმ ტერიტორიებიდანაც, რომლებიც არასდროს ექვემდებარებოდა მათ კონტროლს. ამას ექვსპუნქტიანი გეგმაც ითვალისწინებს – 7 აგვისტოს სტატუს ქვოს დაბრუნებას.
”რა თქმა უნდა, მათ უნდა დატოვონ ის ტერიტორიები, რომლებსაც აკონტროლებენ,” – განაცხადა მან. ”მათ იქ არაფერი ესაქმებათ”.
”რას აკეთებენ ისინი ახალგორის რაიონში; რომელიც არასოდეს ყოფილა სამხრეთ ოსეთი; ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ის სამხრეთ ოსეთია და ახლა ისინი იქ არიან… მათ უნდა დატოვონ ის ტერიტორიები, რომლებიც არასდროს ყოფილა მათ კონტროლ ქვეშ,” – განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტი სარკოზი მას შემდეგ ჩამოვიდა თბილისში, რაც 8 სექტემბერს შეთანხმებას მიაღწია თავის რუს კოლეგასთან დიმიტრი მედვედევთან საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ძალების გაყვანის ვადების თაობაზე.
შეთანხმება ითვალისწინებს რუსული ძალების ჩანაცვლებას ევროკავშირის სულ ცოტა 200 დამკვირვებლით. თუმცა, თბილისში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ ევროკავშირის დამკვირვებელთა განთავსების ზუსტ ადგილთან დაკავშირებით გაურკვევლობა წარმოიშვა.
კითხვაზე ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს თუ არა 200 დამკვირვებლის შესვლას სამხრეთ ოსეთის შიგნით, პრეზიდენტმა სარკოზიმ უპასუხა, როგორც ეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ქართულად ითარგმნა: ”მათი მანდატი ითვალისწინებს საქმიანობას ადმინისტრაციულ საზღვრებში”.
თუმცა მოსკოვში ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას სარკოზიმ განაცხადა, როგორც ეს BBC-მ თარგმნა ინგლისურად: ”ეს დამკვირვებლები განლაგდებიან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გარეთ”.
პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეთანხმების ტექსტის წაკითხვისას: ”რუსული სამშვიდობო ძალების სრული გაყვანა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ზონებიდან ხაზზე, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე არსებობდა. ეს გაყვანა განხორციელდება 10 დღეში მას შემდეგ, რაც ამ ზონებში საერთაშორისო მექანიზმები ამოქმედდება, მათ შორის განთავსდება არანაკლებ 200 დამკვირვებელი ევროკავშირიდან, რაც უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2008 წლის 1 ოქტომბრისა იმ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტების ხელმოწერის გათვალისწინებით, რომლებიც გარანტიას იძლევა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის არ გამოყენებაზე”.
ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დამკვირვებლებმა ”ნაბიჯ-ნაბიჯ” უნდა მოიცვან საქართველოს მთელი ტერიტორია, სამხრეთ ოსეთის ჩათვლით. მან პრეზიდენტ სარკოზის და ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზოს მიერ ხელმოწერილი განცხადების ციტირება მოახდინა, რომელშიც ევროკავშირი მხარდაჭერას აღუთქვამს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივ აღიარებას.
სააკაშვილის თქმით, 2008 წლის 9 სექტემბრით დათარიღებულ განცხადებაში ნათქვამია: ”ევროკავშირის დამკვირვებლებმა უნდა მოიცვან საქართველოს მთელი ტერიტორია”. იგი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთსაც გულისხმობდა.
”ევროკავშირის დამკვირვებლები ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორც ეს პრეზიდენტმა სარკოზიმ განაცხადა, საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავენ,” – დასძინა სააკაშვილმა.
თავის გამოსვლაში პრესკონფერენციაზე სააკაშვილმა რამდენჯერმე მადლობა გადაუხადა პირადად პრეზიდენტ სარკოზის და განაცხადა, რომ ”ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ამჟამად საფრანგეთია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ასეთი მამაცი პიროვნებაა”.
მან ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის როლი ”ისტორიული მნიშვნელობისაა”. ”რუსი აგრესორების შეჩერება თქვენი ჩარევით გახდა შესაძლებელი,” – განაცხადა სააკაშვილმა.
სარკოზიმ თბილისში განაცხადა: ”ევროპა ყურადღებით გაადევნებს თვალს პრეზიდენტ მედვედევთან მიღწეული შეთანხმების განხორციელებას. ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში, რისი იმედიც მე მაქვს და რისიც მჯერა, ჩვენ ავიცილებთ სიკვდილს, სიღარიბეს და ტანჯვას”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)