რუსეთის მთავარი მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბაზების განთავსება – ვაშაძე

საქართველოს ოფიციალურმა პირებმა დაგმეს რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე, რაზეც შეთანხმებები მოსკოვში დღეს გაფორმდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ რუსეთის მთავარი მიზანია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სამხედრო ბაზების განთავსება.

”ეს კლოუნადა გრძელდება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით, საელჩოების გახსნით და ა.შ.,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს, ”მთავარი მიზანი არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ბაზების განთავსება, სხვა ყველაფერი არის გარნირი”.

”ასე რომ რუსეთი ამ თავის პროგრამას ახორციელებს, თუმცა ადრე თუ გვიან მოუწევს არა მარტო თავისი საოკუპაციო ძალების, არამედ ე.წ. საელჩოების გაყვანაც,”- აღნიშნა მან.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)