სააკაშვილი მზადაა გაზარდოს ანტიკრიზისული საბჭოს უფლებამოსილება
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან დაავალა შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს უხელმძღვანელოს პოსტ-კონფლიქტური რეაბილიტაციის პროექტებს და ასევე აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ანტიკრიზისული საბჭო იქნება მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო.
მან ასევე განაცხადა, რომ მზადაა მიანიჭოს გარკვეული აღმასრულებელი უფლებამოსილება ამ საბჭოს.
ანტიკრიზისული საბჭოს შექმნის ინიციატივით სააკაშვილი აგვისტოს ბოლოს გამოვიდა და ჰუმანიტარული დახმარების განაწილებაზე ზედამხედველობა შესთავაზა ამ საბჭოს ფარგლებში ოპოზიციურ ძალებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ზოგიერთი პარტია, ძირითადად საპარლამენტო უმცირესობიდან, ამ თანამშრომლობას დათანხმდა, თუმცა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა უარი განაცხადეს.
10 სექტემბერს გორის ადგილობრივ ადმინისტრაციასთან საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება საშუალებას იძლევა დაახლოებით 20 ათასი დევნილი დაბრუნდეს თავის სახლში გორის ჩრდილოეთით მდებარე სოფლებში, საიდანაც რუსული ძალები ერთ თვეში უნდა გავიდნენ.
მისი თქმით, ის დევნილები, რომლებიც ვერ დაბრუნდებიან, განსაკუთრებით კი ისინი ვინც კარვებში ცხოვრობს, უზრუნველყოფილი უნდა იქნენ საცხოვრებელი სახლებით ზამთრის დადგომამდე.
”ზამთრის დადგომამდე, ამ ზონიდან არცერთი უსახლკარო ადამიანი აღარ უნდა დარჩეს,”- განაცხადა მან, ” ეს მძიმე ამოცანაა”.
”მე დავავალე შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს, სათავეში ჩაუდგეს ამ აღდგენით სამუშაოებს,”- განაგრძო მან, ”მაგრამ მთავარი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ანტიკრიზისულმა საბჭომ”.
”მზად ვარ ანტიკრიზისულ საბჭოს მივცე გარკვეული აღმასრულებელი ფუნქციები, რათა ყველამ ერთად ვიმუშაოთ. ჩვენ ახლა ერთად უნდა აღვადგინოთ ქვეყანა. ჩვენი ტერიტორიების მითვისების მსურველსა და აგრესორს ერთად ვაჩვენოთ, რომ საქართველო ერთიანი და ეფექტური ქვეყანაა,”- აღნიშნა სააკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)