ოფიციალური მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად 326 ადამიანი დაიღუპა

კონფლიქტის შედეგად დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ოფიციალურად დარეგისტრირებული რაოდენობა 11 სექტემბრის მონაცემებით 326-ს შეადგენს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ მოხსენებაში.

აქედან, 155 სამოქალაქო პირია დაღუპული, 154 – სამხედრო და 17 შსს-ს თანამშრომელი.

მთავრობის მიერ 8 სექტემბერს გამოქვეყნებულ მოხსენების თანახმად, სულ 295 ადამიანი იყო დაღუპული, მათგან 109 – სამოქალაქო პირი და 186 – სამხედრო.

ოფიციალურმა პირებმა სხვაობა გარდაცვლილ სამხედროთა რაოდენობაში იმით ახსნეს, რომ გადამოწმდა სამხედრო პირების სიკვდილიანობის მონაცემები, რის შედეგადაც გამოვლინდა ”ერთი და იგივე გვარები”, რომლებიც ამოღებულ იქნა.

მოხსენების თანახმად, 14 ჯარისკაცი კვლავ დაკარგულად ითვლება.

კონფლიქტის დროს ასევე დაიღუპა სამი ჟურნალისტი – ორი ადგილობრივი და ერთი ჰოლანდიელი ოპერატორი.

ამავდროულად, Human Rights Watch-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს 11 სექტემბერს, რომ სამხრეთ ოსეთში მოკლულ მოქალაქეთა რაოდენობა ”100-ზე ნაკლებია”.

Human Rights Watch-ის რუსმა მკვლევარმა ტატიანა ლოკშინამ, რომელიც რეგიონს სტუმრობდა, განაცხადა, რომ მისმა ვიზიტებმა საავადმყოფოებში და სასაფლოებზე, ასევე მოსახლეობასთან საუბრებმა ვერ დაადასტურა რუსეთის და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების განცხადებები იმის თაობაზე, რომ რეგიონში ათასობით სამოქალაქო პირი დაიღუპა, იტყობინება Associated Press-ი.

თავდაპირველად, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სამხრეთ ოსეთში 2 000 სამოქალაქო პირი დაიღუპა. აგვისტოს ბოლოს რუსეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იმ დროისთვის ოფიციალურად 133 გარდაცვალების შემთხვევა იყო დარეგისტრირებული.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)