მედვედევი ნატოს საქართველოს მიღების წინააღმდეგ აფრთხილებს
საქართველოს ინტეგრაცია ნატოში ვერ დაეხმარება გლობალური დაძაბულობის შემცირებას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 12 სექტემბერს მოსკოვში უცხოელ ჟურნალისტებთან და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტებთან შეხვედრაზე.
”ნატო ამ გზით უფრო ვერ გაძლიერდება, გლობალური დაძაბულობა არ შემცირდება. რა მოხდებოდა საქართველოს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა რომ ჰქონოდა? მე ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი იმ გადაწყვეტილების მიღებაზე, რომელიც მაშინ [აგვისტოში] მივიღე. რა შედეგები მოყვებოდა ამას? შესაძლოა ვითარება ბევრად უარესი ყოფილიყო” – განაცხადა მან.
მედვედევმა ასევე განაცხადა, რომ ნატოს დაპირება საქართველოსთვის წევრეობის მინიჭების თაობაზე ”რუსეთთან მიმართებაში უსამართლოა” და ”რუსეთისთვის დამამცირებელი”.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 სექტემბერს ნატოს მიმართა არ გამოიჩინოს ”სისუსტის ნიშნები” და არ შეეწინააღმდეგოს საქართველოს ალიანსში ინტეგრაციას.
”თუ ნატო სისუსტის ნიშნებს გამოავლენს – და აშკარაა, რომ ეს [რუსული] შემოჭრა განხორციელდა ნატოს დაშინების მიზნით – თუ ნატო დაშინდება, ეს იქნება დაუსრულებელი ისტორია,” – განაცხადა სააკაშვილმა.
ნატოს გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი და ალიანსის 26 წევრი ქვეყნის ელჩი თბილისს 15-16 სექტემბერს ეწვევიან.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის პირველი დამფუძნებელი სხდომა. ამ კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა 19 აგვისტოს მიიღეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)