სპეცდანიშნულების რაზმები განმუხურში დაბრუნდებიან – მერაბიშვილი
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები დაბრუნდებიან აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს, სოფელ განმუხურში, სადაც ქართული ადმინისტრაცია ცოტა ხნის წინ აღდგა.
ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც შსს-ს ინფორმაციით, დღეს დილით განმუხურში ”აფხაზმა სეპარატისტებმა” ქართველი პოლიციელი მოკლეს. ანალოგიურ ინციდენტს შეეწირა სამი დღის წინ კიდევ ერთი პოლიციელი გორის რაიონის სოფელ კარალეთში.
”მე მივეცი სპეციალური განკარგულება ჩვენს დანაყოფებს, რომ მაქსიმალურად ფრთხილად მოიქცნენ, რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი მსხვერპლი, როგორიც ჩვენ გვქონდა, სამწუხაროდ, კარალეთსა და განმუხურში,”- განაცხადა მერაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
”ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ არ იყოს მსხვერპლი ჩვენს შორის, ჩვენი საზღვრები და ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი უსაფრთხოება იყოს დაცული,”- დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)