ევროკავშირი აყალიბებს მონიტორინგის მისიას საქართველოში

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 15 სექტემბერს მიიღეს გადაწყვეტილება ევროკავშირის სამოქალაქო მონიტორინგის მისიის შექმნის თაობაზე საქართველოში, რომელიც თვალყურს ადევნებს მხარეთა მიერ ექვს-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესს.

მონიტორინგის მისია, რომელსაც შტაბ-ბინა თბილისში ექნება, მოიცავს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსებულ 200 დამკვირვებელს. მისიას, რომელიც თავდაპირველი 12-თვიანი ხანგრძლივობით დაარსდა და მისი ბიუჯეტი 31 მლნ ევროს შეადგენს, ასევე ექნება ფილიალები. თუმცა ჯერ კიდევ არაა ცნობილი სად განთავსდება ეს რეგიონული ოფისები.

ევროკავშირმა 15 სექტემბერსვე ფრანგი დიპლომატი პიერ მორელი, საქართველოს კრიზისთან დაკავშირებით სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. მორელი ამჟამად ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელია ცენტრალურ აზიაში. 1992-93 წლებში მორელი საფრანგეთის ელჩი იყო საქართველოში.

8 სექტემბერს რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, 200 უიარაღო ევროკავშირის დამკვირვებელი უნდა განთავსდეს 1 ოქტომბრამდე საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე, ე.წ. ”ბუფერულ ზონებში”. რუსული ჯარები, რომელთა მიერ ამჟამად ოკუპირებულია ეს ტერიტორიები, უნდა გავიდნენ 10 დღეში მას შემდეგ, რაც ევროკავშირის დამკვირვებლები თავის საქმიანობას შეუდგებიან.

თბილისს სურს, რომ ევროკავშირის დამკვირვებლებმა ასევე დაფარონ სეპარატისტული რეგიონები პროცესის მეორე ეტაპზე მაინც. თუმცა ამ ვარიანტს რუსეთი ეწინააღმდეგება. 

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანამ 15 სექტემბერს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა და ”განწყობილია” მოიცვას ორივე რეგიონი . ”მაგრამ,”- განაგრძო მან, ”ჩვენ უნდა ვნახოთ როგორ განვითარდება სიტუაცია ადგილზე”.

ევროკავშირის სამოქალაქო მონიტორინგის მისიის მთავარი ამოცანა იქნება ”დაკვირვება, ანალიზი და ანგარიშგება” ადგილზე შექმნილი სიტუაციის ექვს-პუნქტიან შეთანხმებასთან შესაბამისობის თაობაზე; ასევე ჯარების გაყვანაზე, თავისუფალ მიმოსვლასა და ”ხელის შემშლელთა” ქმედებებზე.

ამ მისიის მიზანია ასევე მონიტორინგი გაუწიოს ადამიანის უფლებებს; სამოქალაქო მმართველობას; კანონის უზენაესობას; სამართალდამცავ სტრუქტურებს; სატრანსპორტო კომუნიკაციების უსაფრთხოებას; ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და დევნილების დაბრუნების პოლიტიკურ და უსაფრთხოების ასპექტებს.

საფრანგეთს მისიაში ყველაზე მეტი დამკვირვებელი – 76 მონიტორი – ეყოლება, შემდეგ მოდიან გერმანია და იტალია.

15 სექტემბერს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ აპირებენ 500 მლნ ევროს გამოყოფას 2008-2010 წლების განმავლობაში საქართველოს ინფრასტრუქტურის აღდგენის ღონისძიებებზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)