სააკაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოდის

პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოდის:

•ჩემი დღევანდელი გამოსვლა უნდა ყოფილიყო ჩემი მოხსენება იმაზე, თუ როგორ ვახორციელებდით ჩვენს პროგრამას ”საქართველო სიღარიბის გარეშე”; მე მინდოდა მესაუბრა პენსიების გაზრდაზე და სხვა სოციალურ პროექტებზე; ახალ პროექტებზე სოფლის მეურნეობაში, რადგანაც ეს ჩვენი [წინასაარჩევნო] დაპირებების ნაწილი იყო; 

• მაგრამ ამის ნაცვლად, ახლა მე ვდგავარ აქ როგორც პრეზიდენტი, რომლის ქვეყანასაც თავს დაესხა უზარმაზარი აგრესორი, რომელიც შეეცადა საქართველოს სრულიად განადგურებას; 

•ამავე დროს მე ვარ იმ ერის პრეზიდენტი, რომელიც არ გატყდა და რომელიც განაგრძობს ბრძოლას თავისი მიზნების მისაღწევად; 

•ჩვენ ვაფრთხილებდით მსოფლიოს ამ საფრთხის შესახებ… რუსეთის მანიაკალურ სურვილზე დაეპყრო საქართველო,რომ მისი სტრატეგიული ინტერესია საქართველო არასდროს განიხილებოდეს, როგორც რუსეთის ავტორიტარული მოდელის დემოკრატიული ალტერნატივა, როგორც ალტერნატივა ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდების საქმეში, რომ საქართველოს არასდროს არ ჰქონდეს დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთების საშუალება და არასდროს შეიქმნას მისი უსაფრთხოების და დაცულობის მტკიცე გარანტიები;

•ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით მშვიდობის დასაცავად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ჩვენთვის;

•მშვიდობის გადასარჩენად სეპარატისტებს ვთავაზობდით კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო გეგმებს, რომელსაც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა უჭერდა მხარს; 

•ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ომის თავიდან ასაცილებლად;

•მაგრამ ჩვენ არ გაგვიკეთებია და არასდროს გავაკეთებთ ერთ რამეს – არ დავნებდებით მტერს; მტერი ვერადროს დაინახავს ჩვენ ზურგს;

•ქართველი ერი გმირია;

•მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ეკლესიის ძალიან მნიშვნელოვან როლს;

•მადლობას ვუხდი ჩვენ ხალხს და ვპირდები, რომ ჩემი უფლებამოსილების ვადის ყოველი დღე იქნება თქვენს სამსახურში;

•პირველად ჩვენს ისტორიაში მთელი ცივილიზებული სამყარო დადგა ჩვენს გვერდით;

•ეს ადასტურებს, რომ ჩვენ სწორი არჩევანი გავაკეთეთ მოკავშირეების შერჩევისას;

•მინდა მივესალმო ნატოს, რომელიც ჩვენს გვერდით დადგა; ჩვენ გვესმის, რომ გრძელი გზაა ნატოსკენ, მაგრამ ჩვენ ნათლად ვხედავთ ამ გზას და ჩვენ გავივლით მას;

•ჩვენ ყოველთვის ვიდექით ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით, რადგანაც ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვს და ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენს გვერდით დადგა, როდესაც ჩვენ ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა;

•ჩვენი უსაფრთხოების დაცვით, ჩვენ დავიცავთ ევროპის ენერგოუსაფრთხოებას; 

•ეს არის გადამწყვეტი მომენტი და საბოლოო გამარჯვებამდე გრძელი გზა დარჩა; ეს არის წარმატება, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს გამარჯვებას;
 
•ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც შეეცდება დაგვარწმუნოს რომ დავმარცხდით;
 
• პუტინმა, რომელმაც ეს ყველაფერი დაგეგმა, იცის, რომ რუსეთს არ გაუმარჯვია; პუტინს სურს დემოკრატიის ჩამოშლა; პუტინს სურს ენერგორესურსებზე სრული კონტროლი;

•მაგრამ საქართველო არ დამარცხდება; 

•ვერც ერთი დიქტატორი ვერ შეძლებს ევროპის საზღვრების ხელახლა განსაზღვრას;

•საფრთხე კვლავ არსებობს და მტერი ისევ დგას საქართველოს შუაგულში; 

•ახლა ჩვენი მიზანია დაზარალებულებზე მზრუნვა და ქვეყნის ხელახლა აშენება;

•არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს სახლის გარეშე;

•მე ვიღებ პასუხისმგებლობას ყველაფერზე რაც ომამდე ხდებოდა და ყველაფერზე, რაც ქვეყნის რეკონსტრუქციისთვისაა საჭირო;

•ჩვენ ახლა გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა; ჩვენ არ გვინდოდა ეს ომი;

•ახლა უნდა გავერთიანდეთ – როგორც ეს ომის დროს გავაკეთეთ – ქვეყნის აღმშენებლობისთვის;

•მომდევნო 18 თვეში ჩვენ იმ სიტუაციამდე უნდა მივიდეთ, რომელშიც ომამდე ვიმყოფებოდით; 

•ჩვენ საერთო ენა გამოვნახეთ ოპოზიციასთან ძირითად საკითხებზე – ქვეყნის ერთიანობა და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება;

•ანტი-კრიზისულ საბჭოს [ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით] აღმასრულებელი უფლებები უნდა ჰქონდეს;

• რაც შეეხება ოპოზიციის დანარჩენ, მცირე ნაწილს, მე მინდა განვაცხადო: ნუ დაგავიწყდებათ, რომ როგორც არასდროს საქართველოს სჭირდება ჩვენი ერთიანობა და ჩვენი თანამშრომლობა; მე, როგორც არასდროს, მზად ვარ თანამშრომლობისთვის;

•რა თქმა უნდა, არსებობს კითხვები, რომელთაც პასუხები სჭირდებათ; მე მხარს ვუჭერ საპარლამენტო ჯგუფის შექმნას და საპარლამენტო დებატებს ამ საკითხებზე [რამაც გამოიწვია ომი]; ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ პასუხი გავცეთ ყველა კითხვას;

•საქართველოს პასუხი რუსულ აგრესიაზე იქნება მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლება და მეტი პროგრესი; 

•მინდა განვაცხადო ახალი დემოკრატიული რეფორმების შესახებ, რომელიც გულისხმობს უფრო ძლიერ პარლამენტს, სასამართლო სისტემას და უფრო თავისუფალ მედიას;

•კონსტიტუციური ცვლილება, რომლის მიხედვითაც ახლად არჩეული პარლამენტი შეძლებს ნდობის გამოცხადებას ახალი მთავრობისთვის;

•პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გაზრდა;

•ინიციატივა ასევე ითვალისწინებს პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებას პარლამენტის დათხოვნის კუთხით და ეს წინადადება პარლამენტთან ერთად შემუშავდება;  

•საზოგადოებრივ მაუწყებელში უნდა გაიმართოს მუდმივი დებატები და ამისათვის პირობები უნდა შევქმნათ;

•ჩვენ გვჭირდება სასამართლო რეფორმის ახალი ტალღა, რომლის მიზანიცაა უფრო დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება;

•მოსამართლეები უვადოდ დაინიშნებიან;

•კერძო საკუთრებისთვის ძლიერი გარანტიების შექმნა;

•მე აქ ვდგავარ, რადგანაც ჩვენი ერი გაუტეხელია;

•ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ძლიერი ნდობის შენარჩუნება; 

•ყველაზე მნიშვნელოვანია ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)