გაეროს ჯგუფი ჰუმანიტარულ ვითარებას კონფლიქტის ტერიტორიებზე შეისწავლის

გაეროს ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა ჰუმანიტარული სააგენტოების წარმომადგენლებისგან შედგება, დღეს იწყებს ვიზიტს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე, მათ შორის სამხრეთ ოსეთში. ჯგუფი ასევე ეწვევა თბილისსა და მოსკოვს.

ვიზიტი, რომელიც 17 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, მიზნად ისახავს ადგილზე შეისწავლოს დევნილთა და სხვა დაზარალებულთა ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება, ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის წერილობით განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მისია ”ვიზიტით ეწვევა სამხრეთ ოსეთს და თბილისს.” წინა განცხადებებში და პრეს-რელიზებში, რომელსაც გაეროს პრესსამსახური და ასევე გენერალური მდივანი აგვისტოს დასაწყისში ავრცელებდნენ, გამოიყენებოდა შემდეგი ფორმულირება:  ”სამხრეთ ოსეთი, საქართველო” ან ”სამხრეთ ოსეთი (საქართველო)”.

ჯგუფის მიერ გაკეთებული შეფასებები ადგილზე, ხელს შეუწყობს გაეროს ჰუმანიტარულ სააგენტოებს სწორად დაგეგმონ, თუ რა კონკრეტული მიზნებისთვის დაიხარჯება ის 59 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც 18 აგვისტოს გამოიყო ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ცალკე იგეგმება ”უფრო ფართო” მისიის გამოგზავნაც რეგიონში, რომლის მიზანი ადგილზე ფაქტების შესწავლა იქნება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)