ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს სტუმრობს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩარ მოთაქი თბილისში ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.

მანუჩარ მოთაქი, რომელიც თბილისს დღეს ეწვია, ასევე შეხვდება თავის ქართველ კოლეგას ეკა ტყეშელაშვილს.

თბილისში ვიზიტამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობდა რუსეთს, შემდეგ აზერბაიჯანს, გერმანიას და გუშინ თეირანში დაბრუნებულმა შეხვედრა გამართა თავის სომეხ კოლეგასთან ედვარ ნალბანდიანთან.

მანუჩარ მოთაქის განცხადებით, ბოლო დღეებში მისი დიპლომატიური მცდელობები უკავშირდება  კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას საქართველოში ომის შემდეგ, ნათქვამია ირანი საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

”ყველაფერი გართულდება, თუ ჩვენ ვერ ვიპოვით გამოსავალს. სამხედრო მიდგომებმა პრობლემები შექმნა რეგიონში,”- აცხადებს მოთაქი და ჩარევის წინააღმდეგ მოუწოდებს რეგიონის გარეთ მყოფ ქვეყნებს.

იმავდროულად, თბილისში ვიზიტად მყოფმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ დღეს საღამოს გმართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მან ბევრი არაფერი იცის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის შესახებ, იმის გამო რომ ამის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ შეიტყო.

”ერთი რამ აშკარაა: აშშ აქტიურად და სიღრმისეულად არის ჩართული სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში და ეს ჩვენ უკვე ვიხილეთ ბოლო კვირების განმავლობაში,” განაცხადა ბრიაზამ, ”როგორც ჩანს, და ეს საინტერესოა, ირანიც ფიქრობს, რომ ჩვენს მაგალითს უნდა მიბაძოს. ჩვენი მეგობრობა საქართველოსთან არის ძალიან ძლიერი, რომელიც საერთო ღირებულებებს და საერთო სტრატეგიულ ინტერესებს ეფუძნება.”

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)