დეპუტატები ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტზე მსჯელობენ
პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ სტატუსს განსაზღვრავს.
კანონპროექტი მთელ რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბათილად იქნება ცნობილი ნებისმიერი ქონებრივი გარიგება; აიკრძალება უძრავი ქონების ნებისმიერი ყიდვა-გაყიდვა; ასევე ინვესტიციების ჩადება; და ეკონომიკური აქტივობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად; რეგულირდება უკანონო მოქალაქეობის დარიგების და უკანონო განსახლების ფაქტები.
კანონპროექტს, რომელსაც ქართულ სამართლებრივ სივრცეში ანალოგი არ აქვს, ჯერ საბოლოო სახე არ მიუღია და მისი დახვეწა ამ კვირაში დაგეგმილ საკომიტეტო მოსმენებზე იგეგმება. მას პირველი მოსმენით პარლამენტი, სავარაუდოდ, პარასკევისთვის დაამტკიცებს.
”ეს კანონი ერთი მხრივ სწრაფად მისაღებია, თუმცა მეორეს მხრივ ამ კანონს მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით სჭირდება მაქსიმალურად ფართო კონსულტაცია,”- აღნიშნა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.
კანონპროექტი გეოგრაფიულად მოიცავს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას და სამხრეთ ოსეთის ყოფილ ავტონომიურ ოლქს, მათ შორის აგვისტოს ომამდე თბილისის მიერ კონტროლირებად ზემო კოდორის ხეობას, ახალგორის რაიონს და ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართულ სოფლებს, სადაც ამჟამად რუსული საოკუპაციო ჯარები დგანან.
ამჟამად ამ ტერიტორიებზე 3 ოქტომბრამდე საგანგებო ვითარება მოქმედებს, რისი გაგრძელების სამართლებრივი საჭიროებაც, დეპუტატების განმარტებით, კანონის მიღების შემდეგ აღარ იარსებებს.
ამ ტერიტორიებს პარლამენტმა სპეციალური დადგენილებით უკვე დაარქვა ოკუპირებული ტერიტორიები, ხოლო იქ მყოფ რუსულ საჯარისო შენაერთებს ოკუპანტების სტატუსი განუსაზღვრა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)