ევროპის საბჭოს დეპუტაცია მოსკოვსა და თბილისს სტუმრობს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დეპუტატების დელეგაცია 22-25 სექტემბერს მოსკოვსა და თბილისს ეწვევა რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში დაგეგმილი საგანგებო დებატების წინ.
ცხრა-წევრიანი ჯგუფი ბელგიელი დეპუტატის ლუკ ვან დენ ბრანდეს ხელმძღვანელობით მოსკოვში 22-23 სექტემბერს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, ადამიანის უფლებების დაცვის და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება, ხოლო 24-25 სექტემბერს თბილისში შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
”დელეგაციას დაგეგმილი აქვს ცხინვალში და სამხრეთ ოსეთის და ე.წ. ბუფერული ზონის სოფლებში ჩასვლაც,” ნათქვამია ევროპის საბჭოს პრეს-რელიზში.
12 სექტემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24-წევრიანმა ჯგუფმა თხოვნით მიმართა ასამბლეას რუსეთის დელეგაციის მანდატის გადახედვის თაობაზე პლენალური სხდომის წინ, რომელიც 29 სექტემბერს-3 ოქტომბერს იგეგმება.
ჯგუფი რუსული დელეგაციის მანდატის გადახედვას ”წესდების შესავალში ასახული ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპების სერიოზული დარღვევის საფუძველზე” ითხოვს.
PACE-ს წესებისა და პროცედურების კომიტეტმა ეს მიმართვა 29 სექტემბერს, სხდომის პირველ დღეს უნდა განიხილოს; შემდეგ კომიტეტი ასამბლეას გააცნობს დასკვნებს, რომელიც გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით მიიღებს.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სახელმწიფო სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა, რომ თუ საშემოდგომო სესიაზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, ის რუსეთის ხელმძღვანელობას მიმართავს რეკომენდაციით უარი თქვას ევროპის საბჭოს წევრობაზე, იტყობინებოდა 15 სექტემბერს ”ინტერფაქსი”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)