კონსერვატორები ომის დროს გარდაცვლილთა სიის გამოქვეყნებას ითხოვენ
კონსერვატიული პარტია ხელისუფლებისგან მოითხოვს გამოაქვეყნოს იმ ადამიანთა სია, რომლებიც აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაიღუპნენ.
”არსებობს ეჭვი, რომ აგვისტოს მოვლენების დროს გარდაცვლილთა რაოდენობა, რომელსაც ხელისუფლება აცხადებს, არ შეესაბამება სინამდვილეს,” – განაცხადა 23 სექტემბერს პრესკონფერენციაზე კონსერვატორების წარმომადგენელმა გიგა ბუკიამ, ”ამას აძლიერებს ისიც, რომ ხელისუფლება დღემდე ასაიდუმლოებს სახელობით სიას იმ ადამიანებისა, რომლებიც შეეწირნენ აგვისტოს მოვლენებს… ეს ხალხი იმსახურებს იმას, რომ საქართველომ იცოდეს ამ ადამიანთა სახელები და გვარები”.
მისი თქმით, კონსერვატიულ პარტიას დღემდე არ მიუღია ამ ადამიანების სია, რომელიც ოფიციალურად გამოითხოვა სახელმწიფო უწყებებიდან.
თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გარდაცვლილ ჯარისკაცთა სია მას შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი, რაც უცნობი ჯარისკაცების იდენტიფიცირება მოხდება.
კონფლიქტის შედეგად დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ოფიციალურად დარეგისტრირებული რაოდენობა 15 სექტემბრის მონაცემებით 370-ს შეადგენს; აქედან 188 სამოქალაქო პირია, 168 – სამხედრო და 14 შსს-ს თანამშრომელი.
”ჩვენი მონაცემებით, სამწუხაროდ, ბევრად მეტია,”- აღნიშნავს ბუკია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)