აფხაზეთში ორი ძირითადი რუსული ბაზა იქნება – ბაღაფში
სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიაზე – გუდაუთაში და ოჩამჩირის პორტში – ორი ძირითადი რუსული სამხედრო ბაზა განთავსდება, ამასთან რუსული კონტიგენტები ჩადგებიან ზემო კოდორის ხეობაშიც, განაცხადა 23 სექტემბერს სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა.
”ერთი ბაზა იქნება გუდაუთაში, სადაც ადრე საჰაერო-სადესანტო ძალების ბაზა იყო [თბილისი ამ რუსული ბაზის დახურვას ეჭვქვეშ აყენებდა], მეორე კი – ოჩამჩირის საზღვაო პორტში,”- იუწყება ”აფსნიპრესი” ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.
მისი თქმით, გუდაუთასა და ოჩამჩირეში შესაბამისი ”მძლავრი ტექნიკური ბაზა” შეიქმნება. თუმცა 2 სექტემბერს ბაღაფშმა განაცხადა, რომ აფხაზეთში ახალი რუსული ბაზები არ შეიქმნებოდა და არც რუსეთის შავი ზღვის ფლოტი გადმოინაცვლებდა მის პორტებში.
იმავდროულად, აფხაზეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ის არ დათანხმდება რეგიონში ეუთოსა და ევროკავშირის დამკვირვებლების შეშვებას, თუმცა არაფერი აქვს საწინააღმდეგო უკვე არსებული გაეროს სადამკვირვებლო მისიის მიმართ.
”სამხედრო დამკვირვებლები უნდა იყვნენ იქ, საიდანაც უშუალოდ მოდის სამხედრო საფრთხე, კერძოდ კი, საქართველოში,”- განაცხადა ბაღაფშმა, ”დაე, ისინი იქ იყვნენ თუნდაც 200 ან 400. აფხაზეთში მათი ყოფნის საჭიროება არ არსებობს”.
თბილისი მოითხოვს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომლის მინიმუმ 200 დამკვირვებელი პირველ ეტაპზე კონფლიქტური რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე უნდა განთავსდეს 1 ოქტომბრამდე, შემდგომში მთელი საქართველო მოიცვას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)