ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღეს
დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 104 ხმით ერთხმად დაამტკიცა კანონპროექტი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სხვადასხვა ტიპის შეზღუდვებს აწესებს საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე.
”ჩვენი მიზანია, რომ ამ კანონის მიღებით პრობლემები არ შევუქმნათ იქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს,”- განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა, ”ამდენად, შეზღუდვები გავრცელდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირებზე”.
მისი თქმით, კანონპროექტი, რომლის ანალოგიც საერთაშორისო პრაქტიკაში არ არსებობს და უშუალოდ საქართველოს რეალობასაა მორგებული, სამი ტიპის შეზღუდვას ითვალისწინებს.
კერძოდ, იზღუდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფალი გადაადგილება, რაც ასევე ავალდებულებს უცხოელებს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შევიდნენ საქართველოს დანარჩენი ტერიტორიიდან, საქართველოს ხელისუფლების თანხმობით.
შეზღუდვების მეორე კატეგორია ეხება საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კუბლაშვილის განმარტებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთრების განკარგვის უფლება კანონიერად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღდგება თბილისის კონტროლი ამ ტერიტორიებზე.
და მესამე, შეიზღუდება სამეწარმეო საქმიანობის უფლება, რაც კრძალავს საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად ყოველგვარი ინვესტიციის განხორციელებას ამ რეგიონებში, ასევე ყველა ეკონომიკური გარიგება ბათილად ჩაითვლება.
”ჩვენ არ უნდა შევუქმნათ სასათბურე პირობები იმ ინვესტორებს, რომლებიც სეპარატისტების დაკვეთით სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ,”- განაცხადა კუბლაშვილმა.
კანონპროექტი გეოგრაფიულად მოიცავს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას და სამხრეთ ოსეთის ყოფილ ავტონომიურ ოლქს, მათ შორის აგვისტოს ომამდე თბილისის მიერ კონტროლირებად ზემო კოდორის ხეობას, ახალგორის რაიონს და ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართულ სოფლებს, სადაც ამჟამად რუსული საოკუპაციო ჯარები დგანან.
გარდა ხმელეთისა, ოკუპირებულ ტერიტორიად ცხადდება აფხაზეთის გასწვრივ საზღვაო აკვატორიაც, რომელსაც თბილისი ასევე ვერ აკონტროლებს.
გარდა ამისა, კანონპროექტი არალეგიტიმურად ცნობს ამ ტერიტორიებზე მოქმედ ყველა სახის ადმინისტრაციებს და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
არაკანონიერად ჩაითვლება ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტები.
კანონპროექტი მეორე მოსმენით მიღებამდე კიდევ დაიხვეწება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)