ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე კონფლიქტის მოგვარების გააქტიურობაზე საუბრობს

ეუთო გაააქტიურებს მუშაობას კონფლიქტის მოგვარების და კრიზისების მართვის საქმეში, განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ ალექსანდრე სტუბმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე 26 სექტემბერს.

”ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გვიჩვენა სიმყიფე იმ საერთაშორისო წესრიგისა, რომლის აშენებისკენაც გაერო ისწრაფვის ეუთოს მხარდაჭერით,” – განაცხადა მან. ”საქართველოში არსებულმა კრიზისმა ხაზი გაუსვა ამ ორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გადამწყვეტ მნიშვნელობას”.

სტუბმა ასევე აღნიშნა, რომ ეუთომ სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში 20 სამხედრო დამკვირვებლის გამოგზავნის თაობაზე და იმედი გამოთქვა, რომ დანარჩენი 80 დამკვირვებლის გამოგზავნის საკითხიც მალე გადაწყდება.

თუმცა, მათი განთავსების ზუსტი ადგილი ჯერჯერობით უცნობია. კონფლიქტის განახლებამდე ეუთოს დამკვირვებლები ცხინვალში იყვნენ განთავსებული და ცხინვალიდან 15 კილომეტრის რადიუსში არსებულ ტერიტორიას აკონტროლებდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)