არასაპარლამენტო პარტიები უცხოელებს შეხვედრას ცალკე ფორმატში თხოვენ

არასაპარლამენტო ოპოზიცია მიმართავს საქართველოში აკრედიტებული ქვეყნების საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრები ცალ-ცალკე ფორმატით იყოს ორგანიზებული.

მიმართვას ხელს აწერენ: ახალი მემარჯვენეები, ლეიბორისტები, საქართველოს გზა, კონსერვატორები, რესპუბლიკელები, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, ხალხის პარტია და ლევან გაჩეჩილაძე.

ისინი აცხადებენ, რომ ”გაყალბებით არჩეული” პარლამენტის ბოიკოტირებაზე უარის თქმამ ”მნიშვნელოვანი ზღვარი გაავლო ამ პოლიტიკურ ძალებსა და იმ პარტიებს შორის, რომლებიც დღეს პარლამენტში ოპოზიციის სახელით არიან წარმოდგენილი და რომლებსაც ხელისუფლება იყენებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის”.

”განსაკუთრებით გამოიკვეთა პოზიციათა სხვაობა მიმდინარე წლის აგვისტოში ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, როდესაც საპარლამენტო ოპოზიციამ პრაქტიკულად უნისონში იმოქმედა ხელისუფლებასთან ერთად და მკვეთრად გაემიჯნა არასაპარლამენტო ოპოზიციას,”- აცხადებენ მიმართვის ავტორები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)