რუსეთმა შესაძლოა საკონსულო სამსახური შეინარჩუნოს საქართველოში

რუსეთი განიხილავს შესაძლებლობას საქართველოში საკონსულო სამსახურის შენარჩუნების თაობაზე, განუცხადა 30 სექტემბერს ”ინტერფაქსს” რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ იგორ ლიაკინ-ფლოროვმა.

”ამ საკითხის გადაწყვეტამდე საქართველოს დედაქალაქში დარჩება ჩვენი დიპლომატიური და ტექნიკური პერსონალის ნაწილი,”- აღნიშნა მან.

მისი თქმით, საელჩოს თანამშრომელთა ძირითადი ნაწილი, საქართველოში რუსეთის ელჩის ვიაჩესლავ კოვალენკოს ხელმძღვანელობით დღეს დატოვებს თბილისს.

რუსული აგრესიის საპასუხოდ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა შეინარჩუნა მოსკოვში საკონსულო სამსახური. ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ რუსეთმა 3 სექტემბერს შეწყვიტა საელჩოსა და საკონსულოს ფუნქციონირება თბილისში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)