რუსეთი კანონიერად მოქმედებდა აგვისტოს მოვლენების დროს – მედვედევი
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები აგვისტოს მოვლენების დროს ”აბსოლუტურად კანონიერი” იყო.
”ისინი სრულიად ჯდება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში და ჩვენ სამშვიდობო ვალდებულებებში, განსხვავებით თბილისის რეჟიმისგან, რომელმაც ერთ საათში გადაუსვა ხაზი ადრინდელ შეთანხმებებს და რეგიონში მშვიდობა კატასტროფის ზღვარზე მიიყვანა,”- განაცხადა მედვედევმა 1 ოქტომბერს.
მან ეს განცხადებები კრემლში, საქართველოსთან ომში მონაწილე სამხედროების დაჯილდოების ცერემონიაზე გააკეთა.
მედვედევის განცხადებით, რუსეთს ორი არჩევანი ჰქონდა – არაფერი გაეკეთებინა ან მტკიცე წინააღმდეგობა გაეწია ”აგრესორისთვის”.
”ჩვენ ავირჩიეთ მეორე და ჩვენ მართლები ვართ,”- განაცხადა მან, ”ზუსტად ამ დროს ჩვენ ვაჩვენეთ, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელსაც შესწევს უნარი დაიცვას თავისი მოქალაქეები და რომელსაც ვალდებულები არიან რომ გაუწიონ ანგარიში სხვადასხვა ქვეყნებმა, მათ შორის მათაც, რომლებიც თავს იცავენ სხვებთან, უფრო დიდ სახელმწიფოებთან მეგობრობით”.
მან ასევე განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდება რუსეთი კვლავაც დაიცავს თავის ინტერესებს ”სულ სხვადასხვა მეთოდებით”. მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ აგვისტოს მოვლენებმა მსოფლიო შეცვალა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი გააგრძელებს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დახმარებას.
”ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებთ, რომ მშვიდობიანი ცხოვრება ორ ახალ სახელმწიფოში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში იყოს სტაბილური – ეს ჩვენი მოვალეობაა,”- აღნიშნა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)