გაეროს წარმომადგენელი დევნილთა მდგომარეობას შეაფასებს

გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ვალტერ კელინი 1-4 ოქტომბერს საქართველოს სტუმრობს დევნილთა მდგომარეობის შეფასების მიზნით, იუწყება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატი. 

ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე ეწვევა დევნილთა განსახლების ადგილებს, მათ შორის გორსა და მიმდებარე ტერიტორიებს.

მისი ვიზიტის მიზანია აგვისტოს კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების საჭიროებების შეფასება როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში და მათი დახმარების  მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

ვალტერ კელინი ვიზიტის შედეგებს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს გააცნობს. 

იმავდროულად, Amnesty International-მა 1 ოქტომბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში მოუწოდა რუსულ და ქართულ მხარეებს, ასევე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას უზრუნველყონ დევნილთა უსაფრთხო დაბრუნება თავიანთ სახლებში.

”რუსეთის და საქართველოს ხელისუფლებამ, ასევე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოება და დახმარება აღმოუჩინოს ყველა ადამიანს დისკრიმინაციის გარეშე,” – განაცხადა Amnesty International-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორმა ნიკოლა დაკვორსმა 1 ოქტომბერს, ”მათ, ვინც იძულებით დატოვეს თავიანთი საცხოვრებელი სახლები, ნება უნდა მისცენ უსაფრთხოდ დაბრუნდნენ უკან და ისინი, ვისაც არ შეუძლიათ, ან ამის სურვილი არ გააჩნიათ, სხვაგან უნდა დაასახლონ”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)