მედვედევი ცხინვალის აფეთქების დეტალურ გამოძიებას მოითხოვს

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დაავალა რუსეთის თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებს ზედმიწევნით გამოიძიონ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში მომხდარი ”ტერორისტული აქტის დროს მოკლული რუსი სამშვიდობოების გარდაცვალების გარემოებები,” იტყობინება კრემლი 4 ოქტომბერს.

შვიდი რუსი სამხედრო და სულ ცოტა კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა 3 ოქტომბერს, ცხინვალში რუსეთის სამშვიდობოების შტაბთან მანქანის აფეთქების შედეგად.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე დაავალა თავდაცვის სამინისტროს ითანამშრომლოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადგილობრივ სამართალდამცავებთან, ”რათა აღკვეთონ დანაშაულებრივი ქმედებები რუსი სამშვიდობოების და [სეპარატისტული] რესპუბლიკების მოქალაქეების წინააღმდეგ”.

ამავდროულად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა 4 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომ ”იგი წუხილს გამოთქვამს 3 ოქტომბერს ცხინვალში, საქართველო სამხრეთ ოსეთის რეგიონში, მომხდარი აფეთქების გამო”.  

”ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ მსხვერპლის ოჯახებს. ვგმობთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ამ დანაშაულზე და მოვუწოდებთ მხარეებს შეასრულონ და დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა ასპექტი,” – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)