ეუთოს თავმჯდომარე გმობს საქართველოში მომხდარ ინციდენტებს
ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე სტუბმა დაგმო საქართველოში ბოლო დროს მომხდარი ინციდენტები და მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
”ძალიან შემაშფოთა პარასკევს მომხდარი აფეთქების შესახებ ინფორმაციამ, რომლის დროსაც ცხინვალში შვიდი რუსი სამხედრო დაიღუპა, და ასევე მანამდე მომხდარმა ინციდენტმა, რომლის დროსაც ქართველი ოფიცრები დაიღუპნენ. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,” – განაცხადა სტუბმა.
შვიდი რუსი სამხედრო და სულ ცოტა კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა 3 ოქტომბერს, ცხინვალში რუსეთის სამშვიდობოების შტაბთან მანქანის აფეთქების შედეგად. სექტემბერში სამი ქართველი პოლიციელი მოკლეს – ორი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ხოლო მესამე – სოფელ კარალეთში.
”ვგმობ ძალადობას და სიმშვიდისკენ მოვუწოდებ,”- აღნიშნა სტუბმა თავის განცხადებაში, ”ეუთო კვლავაც ცდილობს სამხრეთ ოსეთში შესვლას, რათა დაეხმაროს საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებას”.
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ეუთოს რვა უიარაღო დამკვირვებელი ახორციელებდა მონიტორინგს აგვისტოს მოვლენებამდე. ომის შემდეგ ეუთომ დამატებით 20 ახალი დამკვირვებელი გამოგზავნა სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მონიტორინგის გასახორციელებლად, თუმცა რუსეთის წინააღმდეგობის გამო ვეღარ შეძლო კიდევ 80 დამკვირვებლის გამოგზავნაზე მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება. ამ საკითხზე მოლაპარაკებების ჩაშლა განაპირობა დამკვირვებელთა განთავსების ადგილზე რუსეთთან შეუთანხმებლობამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)