სააკაშვილი: უმთავრესი საზრუნავია დავბრუნდეთ ომამდე არსებულ ვითარებაში
საქართველოს ხელისუფლებას ბრძოლა არ დაუმთავრებია და რუსული აგრესიის მოგერიების შემდეგ ახლა უმთავრესი საზრუნავია საქართველოს ომამდე არსებულ სტატუს-კვოს დაუბრუნდეს, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის კუთხით, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 6 ოქტომბერი.
”მთავარი შემოტევა ჩვენს ქვეყანაზე არის ძირითადში მოგერიებული, მაგრამ შეიძლება ვიღაცას ჰქონია, რომ ბრძოლა დამთავრებულია, ჩემთვის, საქართველოს მთავრობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა არ დამთავრდება მანამ, სანამ ერთი რუსი ოკუპანტი მაინც დააბიჯებს საქართველოს ტერიტორიაზე,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა წეროვანში, სადაც დევნილთა მშენებარე სოფელი მოინახულა.
მისი თქმით, საქართველოში ომით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები ”ათმაგად” გააღრმავა მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა, რამაც ასევე ”მთლიანად ჩამოშალა” რუსეთის ეკონომიკა და სერიოზული პრობლემები შეუქმნა მსოფლიოს დიდ ქვეყნებს.
”რა თქმა უნდა მსოფლიო კრიზისი უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკაზე,”- განაგრძო მან, ”ეს ურტყამს ჩვენს საბანკო სისტემას, ეს ურტყამს ჩვენს სამშენებლო კომპანიებს, ე.ი. ეს ურტყამს დასაქმებას საქართველოში, ეს ურტყამს საშუალო კლასს, ურტყამს იმ ხალხს, ვისაც აღებული აქვს კრედიტები სახლებისთვის, კრედიტები მანქანებისთვის, ვისაც აქვს გათვლა გრძელვადიან დასაქმებაზე და გრძელვადიან ბიზნესზე”.
თუმცა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ამ კრიზისიდან ბევრად უფრო მალე გამოსვლის შანსი აქვს იმის გამო, რომ ”საქართველო არის შედარებით პატარა ეკონომიკა და იმის გამო, რომ ჩვენთან არის ეფექტური მთავრობა და კორუფციის დაბალი დონე”.
სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობა და დემოკრატიულობა იქნება საწინდარი ”რამდენად სწრაფად მოვამზადებთ საფუძველს იმისათვის, რომ მშვიდობიანად მოხდეს ოკუპანტების განდევნა და მსოფლიოს მხარდაჭერის პირობებში მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)