ეუთოს მისიის ხელმძღვანელი გმობს დეზინფორმაციის გავრცელებას
ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში ტერი ჰაკალამ განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია იმ დეზინფორმაციის გამო, რომელიც, მისი თქმით, მიზნად ისახავს ეუთოს სამშვიდობო როლის შერყევას.
”იმის გაფიქრებაც კი, რომ ეუთოს რაიმე კავშირი ჰქონდა ბოლოდროინდელ აფეთქებასთან აბსურდულია და ძალიან სახიფათოა უსაფრთხოების კუთხით არსებული ისედაც დაძაბული სიტუაციისთვის,” – განაცხადა მან წერილობით განცხადებაში, რომელიც 6 ოქტომბერს გამოქვეყნდა. მას მხედველობაში ჰქონდა 3 ოქტომბრის აფეთქება ცხინვალში, რომლის დროსაც სულ ცოტა 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რუსი სამხედროები.
ზოგიერთმა რუსულმა ინტერნეტ-გამოშვებამ სამხრეთ ოსურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეუთოს დამკვირვებლები შესაძლოა როგორღაც მონაწილეობდნენ ინციდენტში. სამხრეთ ოსეთში განთავსებული რუსი სამხედროების განცხადებით, მანქანა ქართული ნომრებით, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო, რუსულმა ძალებმა ცხინვალიდან ექვს კილომეტრში ჩამოართვეს მეპატრონეს და ცხინვალში რუსულ სამხედრო შტაბში მიიყვანეს. სამხრეთ ოსეთის უცნობი წყაროს ცნობით, მანქანა ჩამორთმევისას ეუთოს მანქანების კოლონას მიყვებოდა.
”აღშფოთებული ვარ, როდესაც ვხედავ მისიის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებას, რომელიც, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მიმართული ეუთოს მცდელობებისთვის ძირის გამოთხრას,” – განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა განცხადებაში.
მისი თქმით, ეუთოს მისიის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება ”შესაძლოა მიჩნეულ იქნას როგორც სიგნალი იმისა, რომ არ არსებობს კონსტრუქციულად მუშაობის სურვილი მათი მხრიდან, ვინც პასუხისმგებელია ყველაფერ ამაზე”.
”მისიის შესახებ არასწორი პროპაგანდის გავრცელება – რაც ასევე გულისხმობს რამდენიმე წინა აბსოლუტურად ყალბ ინფორმაციას ეუთოს პერსონალთან და შენობებთან დაკავშირებით – სერიოზული საკითხია და საფრთხეს უქმნის ეუთოს პერსონალს,” – დასძინა მან.
”წინა აბსოლუტურად ყალბ ინფორმაციაში” ტერი ჰაკალა, სავარაუდოდ, გულისხმობდა გასულ თვეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გახმოვანებულ ბრალდებას, რომლის თანახმადაც ოსმა სამართალდამცავებმა ეუთოს მისიის ცხინვალის ოფისის სარდაფში იპოვეს ”პროკლამაციები, რომლებიც შეიცავდა მოწოდებას სამხრეთ ოსეთის კანონიერად არჩეული ხელმძღვანელობის ჩამოგდებისკენ”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)