პარლამენტი აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით კომისიას აკომპლექტებს
პარლამენტი დღეს აგვისტოს საომარი მოქმედებების შემსწავლელ 10-წევრიან დროებით კომისიას დააკომპლექტებს, რომელშიც საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის კვოტით გასული დეპუტატები თანაბრად იქნებიან წარმოდგენილი.
კომისიაში მმართველი პარტიიდან შევლენ ხათუნა გოგორიშვილი, გიორგი გაბაშვილი, გივი თარგამაძე, აკაკი მინაშვილი, ხოლო მაჟორიტარების კვოტით გიორგი გოგუაძე.
საპარლამენტო უმცირესობიდან კომისიაში წარმოდგენილები არიან კომისიის თავმჯდომარე პაატა დავითაია, ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე, ნიკა ლალიაშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე.
უფრაქციო დეპუტატის კვოტას კომისიაში დაიკავებს რამაზ თედორაძე, ლეიბორისტული პარტიის სიით გასული ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატი.
პარლამენტართა განცხადებით, კომისია ღია რეჟიმში იმუშავებს, თუმცა იქნება დახურული სხდომებიც იმ საკითხების განხილვისას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას უკავშირდება.
ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, კომისიის წევრები სხდომაზე გამოიძახებენ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და ასევე იმ თანამდებობის პირებს, რომლებიც ”ირიბად თუ პირდაპირ დაკავშირებული იყვნენ აგვისტოს მოვლენების დროს გადაწყვეტილებების მიღებასთან”.
მან ასევე მოითხოვა კომისიის სხდომების პირდაპირ ეთერში ტრანსლირება.
კომისია პირველ სხდომას 11 ოქტომბერს გამართავს.
დროებითი კომისიის მუშაობას უნდობლობას უცხადებს არასაპარლამენტო ოპოზიცია და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას მოითხოვს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)