ლავროვი კვლავ საუბრობს საქართველოსთვის იარაღის ემბარგოზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი გამოდის ინიციატივით საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე საერთაშორისო აკრძალვა სასწრაფო წესით იქნას შემოღებული.

”ვფიქრობთ, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემის იდეალურ გადაწყვეტას უპასუხებდა საქართველოს ამჟამინდელი რეჟიმისთვის შეიარაღების მიწოდებაზე ემბარგოს დაწესება და სასწრაფო ნაბიჯის სახით, ჩვენი ღრმა რწმენით, აუცილებელია საერთაშორისო აკრძალვა საქართველოსთვის თავდასხმითი შეიარაღების მიწოდებაზე,”- იუწყება 8 ოქტომბერს ”ინტერფაქსი” ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა პრესკონფერენციაზე, რომლის დროსაც ასევე შეეხო 15 ოქტომბერს ჟენევაში დაგეგმილ მოლაპარაკებებს.

მისი თქმით, ევროკავშირმა აიღო გარანტორის როლი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის არ გამოყენების თაობაზე და ჟენევის დისკუსიების განხილვის თემად შეიძლება იქცეს, თუ როგორც შეიძლება ”ეს როლი რეალური შინაარსით დაიტვირთოს” და შემოღებული იქნას სპეციალური რეჟიმი, რომელიც არ დაუშვებს ე.წ. ბუფერულ ზონებში პროვოკაციებს. 

”ასევე შევეცდებით იმის მიღწევას, რომ ევროკავშირის დამკვირვებლებმა განახორციელონ  საქართველოს იმ რაიონების მონიტორინგი, საიდანაც საარტილერიო ცეცხლი იხსნებოდა ცხინვალის მიმართულებით,”- აღნიშნა ლავროვმა.

ჟენევის შეხვედრა, სადაც რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილება, ექსპერტების დონეზე 15 ოქტომბერს გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)