სუბელიანი: სახლებში დაბრუნება 40 000 დევნილს შეუძლია

დაახლოებით 40 000 დევნილს შეუძლია სახლებში დაბრუნება სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე მას შემდეგ, რაც იქიდან რუსული ძალები გავიდნენ, განაცხადა დეპუტატმა კობა სუბელიანმა მმართველი პარტიიდან 9 ოქტომბერს.

მისი თქმით, ”სახლების მხოლოდ მცირე პროცენტია მთლიანად განადგურებული”.

”ბევრი სახლია, რომელსაც შეკეთება სჭირდება და ჩვენ ამას გავაკეთებთ; ეს არ არის ძალიან რთული ამოცანა,” – განუცხადა მან რადიო ”უცნობს” ტელეფონით რეგიონიდან.

”დაზიანება [სახლების] უფრო ნაკლებია, ვიდრე ველოდით; ჩვენ უფრო დიდ დაზიანებებს ველოდით,”- დასძინა სუბელიანმა.   

მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა ქართული პოლიციაა პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე რეგიონში და დასძინა, რომ ამჟამად დაბრუნება უსაფრთხოა.

იმავდროულად, ლტოლვილთა და განსახლების სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამოაქვეყნა 52 სოფლის სია, სადაც, მისი თქმით, შესაძლებელია ამ ეტაპზე დაბრუნება. სამინისტროს განცხადებით, თბილისის მერიამ უზრუნველყო ავტობუსები ამ სოფლებში დევნილების გადასაყვანად.

ის ხალხი, ვისაც იძულებით დაატოვებინეს თვითგამოცხადებული რეგიონის შიგნით არსებული ტერიტორიები, დაახლოებით დეკემბერში, სახლებით იქნება უზრუნველყოფილი, რომლებიც ამჟამად შენდება ძირითადად შიდა ქართლის რეგიონში.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (UNHCR) 12 სექტემბერს განაცხადა, რომ 22 000 დევნილი სამხრეთ ოსეთის შიგნით მდებარე ქართული სოფლებიდან და დაახლოებით, 1 000 ადამიანი ზემო კოდორის ხეობიდან ”ახლო მომავალში” ვერ დაბრუნდება თავიანთ სახლებში.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)