ჟენევის მოლაპარაკებებზე ცხინვალიდან დელეგაციას ჩოჩიევი უხელმძღვანელებს
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის დელეგაცია 15 ოქტომბერს ჟენევის მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას, მანამდე კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მართავს შეხვედრებს, იტყობინება ცხინვალიდან ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.
ამავე ცნობით დელეგაციას უხელმძღვანელებს სეპარატისტული მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბორის ჩოჩიევი, ხოლო დელეგაციაში ასევე შედიან არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჯიოევი და დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი კონსტანტინ კოჩიევი.
15 ოქტომბერს ჟენევაში რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებსა და დევნილთა დაბრუნების თემებზე იმსჯელებენ.
ცოტა ხნის წინ ევროკავშირის უცნობი წყარო იტყობინებოდა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები, რომლის ოფიციალური მასპინძლები არიან ევროკავშირი, გაერო და ეუთო, გაიხსნება აშშ-ის, საქართველოს და რუსეთს შორის შეხვედრით, ხოლო შემდგომ მოლაპარაკებები ორი არაფორმალური სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაგრძელდება, სადაც მონაწილეთა ინდივიდუალური იდენტიფიცირება მოხდება და არა იმის მიხედვით, თუ რომელ სუბიექტს წარმოადგენენ ისინი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლებები ვერ იქნებიან ჟენევაში წარმოდგენილი, როგორც მხარეები.
ჟენევის მოლაპარაკებების დაწყებამდე გაიმართება შეხვედრა ეუთოს თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრე სტუბის; საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის; ევროკავშირის უმაღლესი კომისრის საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანას; საგარეო ურთიერთობებში ევროკომისრის ბენიტა ფერერო-ვალდნერის; და გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის მონაწილეობით.
ეუთომ 13 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, აშშ-ის, რუსეთის და საქართველოს წარმომადგენლები. ”დამატებით, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლები ასევე მიიღებენ მონაწილეობას მოლაპარაკებებში,”- ნათქვამია პრეს-რელიზში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)