ევროკავშირი: რუსეთის გასვლა ”მნიშვნელოვანი ნაბიჯია” შეთანხმების შესრულებისთვის
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 13 ოქტომბერს ლუქსემბურგში შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ საბოლოო დასკვნებში განაცხადეს, რომ ზემო კოდორის ხეობა და ახალგორი კვლავ პრობლემად რჩება, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებებზე უნდა დადგეს.
მინისტერიალმა ”კმაყოფილებით” აღნიშნა, რომ რუსული ძალები შეთანხმებისამებრ გავიდნენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან და დასძინა, რომ ეს ქმედება არის ”მნიშვნელოვანი დამატებითი ნაბიჯი 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებების განსახორციელებლად”.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოუწოდეს მხარეებს განაგრძონ თავიანთი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის გაეროს დამკვირვებელთა მისიისა და ეუთოს დამკვირვებლების როლთან დაკავშირებით – აქ მინიშნება გაკეთდა ეუთის რვა უიარაღო დამკვირვებლის ცხინვალში არშეშვებაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განაცხადეს, რომ ევროკავშირს სურს ”აქტიური მონაწილეობა” მიიღოს ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პიერ მორელის მეშვეობით.
”ეს განხილვები უნდა შეეხოს ყველა დანარჩენ პრობლემას, კერძოდ რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების აღდგენას და დევნილთა მნიშვნელოვან საკითხს, ასევე ზემო კოდორის ხეობის და ახალგორის რაიონის საკითხებს,” – ნათქვამია შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნებში.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადადეს რაიმე გადაწყვეტილების მიღება რუსეთთან პარტნიორობის და თანამშრომლობის ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებების აღდგენასთან დაკავშირებით, რადგანაც არსებობს უთანხმოება იმასთან დაკავშირებით იყო, თუ არა რუსეთის გასვლა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან საკმარისი ამ მოლაპარაკებების აღსადგენად. ეს ორი საკითხი ერთმანეთს 1 სექტემბერს დაუკავშირდა, როდესაც ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც: ”სანამ ჯარები არ გავლენ 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე, მოლაპარაკებები [რუსეთთან] პარტნიორობის შეთანხმების თაობაზე გადაიდება”.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სურვილი გამოხატეს ”გააძლიერონ ურთიერთობები” საქართველოსთან და განაცხადეს, რომ ევროკავშირი ემზადება ”უახლოეს მომავალში” საქართველოსთან მოლაპარაკებების დასაწყებად სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე. მინისტრებმა ასევე გამოხატეს მზადყოფნა რომ ”გააგრძელონ მოსამზადებელი სამუშაოები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის თაობაზე, როგორც კი ამის პირობები იქნება”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)