კოკოითმა სეპარატისტული მთავრობის ხელმძღვანელის კანდიდატურა წარადგინა
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა კანონმდებლებს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ასლანბეკ ბულაცევის კანდიდატურა წარუდგინა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 14 ოქტომბერს.
ამავე ცნობით, ბულაცევს ამჟამად ჩრდილოეთ ოსეთში საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია. იგი ამ პოსტზე 2006 წელს დაინიშნა. მანამდე კი მას ჩრდილოეთ ოსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. მის კანდიდატურას სეპარატისტული პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს.
კოკოითმა მთავრობა ყოფილი პრემიერის იური მოროზოვის ხელმძღვანელობით აგვისტოს მოვლენების შემდეგ, 18 აგვისტოს დაითხოვა. მას შემდეგ რუსეთის მოქალაქის იური მოროზოვის ნაცვლად, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე ბორის ჩოჩიევი ასრულებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)