აშშ-სთვის რუსეთის მოთხოვნა საქართველოსთვის იარაღის ემბარგოზე გაუგებარია

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს რეგიონში ჭარბი სამხედრო ძალები და შეიარაღება გააჩნია, რუსეთის მოთხოვნა საქართველოსთვის თავდასხმითი იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით არ წარმოადგენს პირველი რიგის საკითხს, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დანიელ ფრიდმა 15 ოქტომბერს.

”კარგად არ მესმის რას ნიშნავს ეს [მოთხოვნა],” – განაცხადა მან ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე. ”რუსული ძალის დიდი უპირატესობის გათვალისწინებით, ის ფაქტი, რომ რუსეთმა განაცხადა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საკუთარი ძალების დატოვებას გეგმავს, რაც არ არის დაშვებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებით – დარწმუნებული არ ვარ, რომ კარგად მესმის ამ მოთხოვნის საფუძველი; ეს არა მგონია პირველი რიგის მოთხოვნას წარმოადგენდეს რუსეთის სამხედრო დომინანტური როლის, მისი ძალის უპირატესობის გათვალისწინებით”.

”მათ უდიდესი სამხედრო ძალის დემონსტრირება მოახდინეს მეზობელ სახელმწიფოში შეჭრით,” – განაგრძო მან, ”თუ რეგიონში დაძაბულობის შემცირება სურთ, მათ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა პირობა უნდა დაიცვან და გავიდნენ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, რაც მათ მოეთხოვებათ”.

ფრიდმა აღნიშნა, რომ რუსეთმა 10 ოქტომბრისთვის სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტოროებიდან ჯარების გაყვანით შეასრულა ვალდებულება, მაგრამ იქვე დასძინა: ”რუსეთი ჯერ სრულად არ შეუსრულებია 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ,” კერძოდ, ის პუნქტი, რომელიც ავალდებულებს რუსეთს დააბრუნოს ჯარები იმ პოზიციებზე, რომელიც მათ ომის დაწყებამდე ეკავათ.

”ეს მოთხოვნა ჯერ არ არის შესრულებული, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ის შესრულდება,” – დასძინა მან.

ფრიდმა ასევე აღნიშნა, რომ 12 აგვისტოს შეთანხმების შემდეგ რუსეთმა ჯარები შეიყვანა ახალგორში. 

”ეს პრობლემაა; პოტენციული ცხელი წერტილი,” – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)