სააკაშვილი: რუსეთის თავდასხმა გარდაუვალი იყო

რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოში ”კანონზომიერი” და ”გარდაუვალი” იყო, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 16 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცა.

მისი თქმით, ეს გარდაუვალი იყო, რადგანაც ბოლო წლებში საქართველო ”სახელმწიფოს მოდელს” ქმნიდა რუსეთის სამეზობლოში, რაც აბსოლუტურად მიუღებელი იყო მოსკოვისთვის.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, საქართველო იყო არშემდგარი სახელმწიფო და რუსეთისთვის ღია სამხედრო აგრესიის განხორციელება არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდა.

”მაგრამ, როდესაც საქართველომ, რომელიც რუსეთის მსგავსად მართლმადიდებლური სახელმწიფოა… განვითარება და წინსვლა დაიწყო, ეს მათთვის [რუსეთის ხელმძღვანელობისთვის] მოულოდნელი იყო; მათ ვერც წარმოედგინათ, რომ ეს მოხდებოდა,” – განაცხადა სააკაშვილმა. ”ჩვენ უკეთესი გზები გვაქვს, ვიდრე რუსეთშია; ჩვენ უფრო მეტ 5-ვარსკვლავიან სასტუმროს ვაშენებთ, ვიდრე ნებისმიერი ამ ზომის და ბევრად დიდი რუსული ქალაქი; აღმოჩნდა, რომ ჩვენთან ბევრად მეტი უცხოელმა ტურისტმა დაიწყო პროცენტულად ჩამოსვლა და ბევრად მიმზიდველი ქვეყანა გახდა… ანუ იქ, სადაც ისინი ამას არ მოელოდნენ, უცებ აღმოცენდა ალტერნატიული მოდელი საზოგადოების”.  

”ამიტომ, რაღაც მომენტის შემდეგ, სამწუხაროდ, რუსეთის თავდასხმა საქართველოზე გახდა აბსოლუტურად გარდაუვალი,” – განაცხადა მან, ”რაც მოხდა ზაფხულში კანონზომიერი და დიდი უბედურება იყო”.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ ”პუტინმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს” საქართველოში ჯარების გამოგზავნით.

”მისი მიზანი იყო საქართველოს ხელისუფლების ჩამოგდება და საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურება,” – განაგრძო მან, ”ერთობას პლიუს განვითარება არის გადარჩენის გზა. თუმცა, ერთიანობა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს კამათი”.

სააკაშვილის თქმით, საერთაშორისო ზეწოლამ თავისი როლი შეასრულა, თუმცა ”მთავარი რამ”, რამაც შეაჩერა რუსეთის ჯარი იყო ”ქართველი ხალხის მზაობა წინააღმდეგობის გასაწევად”.  

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)