დანიელ ფრიდი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე დავით უსუფაშვილს, კახა კუკავას და ლევან გაჩეჩილაძეს შეხვდა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე დანიელ ფრიდი სამ ოპოზიციურ პოლიტიკოსს – რესპუბლიკური პარტიის ლიდერს დავით უსუფაშვილს, ყოფილ პრეზიდენტობის კანდიდატს ლევან გაჩეჩილაძეს და კონსერვატორების ერთ-ერთ ლიდერს კახა კუკავას შეხვდა.
”ჩვენ ვისაუბრეთ იმ პრობლემების თაობაზე, რომელიც ქვეყანაში ხელისუფლების უპასუხისმგებლო ნაბიჯების შედეგად წარმოიშვა,” – განუცხადა კუკავამ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ. ”ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს დიალოგის განახლებას [ხელისუფლებასთან] და მიგვაჩნია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ბევრის გაკეთება შეუძლია იმისთვის, რომ ურჩიოს საქართველოს ხელისუფლებას, რომ დიალოგის, რეფორმების და ცვლილებების გარეშე საქართველოს არ აქვს მომავალი”.
”ჩვენ ვისაუბრეთ იმ სავალალო შედეგებზე, რაც ომს მოყვა,” – განაცხადა გაჩეჩილაძემ. ”სააკაშვილმა უნდა გამოიჩინოს ნება კრიზისის მოსაგვარებლად. ჩვენ რისი გაკეთებაც შეგვიძლია არის ქუჩის აქციების დაწყება, რათა მოვთხოვოთ სააკაშვილს გადადგას კრიზისის მოსაგვარებლად საჭირო ნაბიჯები”.
”ბატონმა ფრიდმა ისაუბრა იმ შეცდომებზე, რომელიც ხელისუფლებამ დაუშვა და რომელმაც გაუადვილა რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელება,” – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა შეხვედრაზე, რომ აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლები, მისი ჩათვლით, პრეზიდენტ სააკაშვილს ბოლო წუთამდე აფრთხილებდნენ და ურჩევდნენ, რომ არ გაბმულიყო რუსულ ხაფანგში და არ ჩართულიყო სამხედრო დაპირისპირებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)