ოპოზიცია ახალ კოალიციას გეგმავს

არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთიანი ოპოზიციური საბჭოს მსგსვი გაერთიანების ჩამოყალიბებას გეგმავს. ამის თაობაზე კონსულტაციები ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებს შორის სისტემატურად მიმდინარეობს, თუმცა დეტალებზე ოპოზიციონერები ჯერჯერობით არ საუბრობენ.

ამის შესახებ Civil.Ge-ს კონსერვატორული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ აცნობა.

”ყველა ოპოზიციურ პარტიას შორის მიმდინარეობს კონსულტაციები და იქნება გაერთიანება, სავარაუდოდ ისეთი, როგორიც შარშან იყო”, – განაცხადა კახა კუკავამ.

საერთო სახალო მოძრაობა ეროვნული საბჭო, რომელშიც ათი ოპოზიციური პარტია გაწევრიანდა გასულ წელს ჩამოყალობდა. გაერთიანებულ ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი ჰყავდა 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდნეტო არჩევნებში და ასევე ერთიანი სიით მიიღო მონაწილეობა 21 მაისს საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა სწორედ არჩევნების წინა პერიოდში გაერთიანებულ ოპოზიციას გამოეყო რესპუბლიკური პარტია, რომელმაც დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. მანამდე გაერთინებული ოპოზიციის რიგები დატოვეს ლეიბორისტებმა. დღეისათვის გაერთიანებულ ოპოზიციაში აღარ მოიაზრებიან ჩვენ თვითონ და ქართული დასი, რომელთა თავმჯდომარეებმა პაატა დავითაიამ და ჯონდი ბაღათურიამ არ გაიზიარეს ოპოზიციის ერთიანი მიდგომა პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით და შევიდნენ პარლამენტში.

კონსერვატორული პარტიის თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოუწოდა ყველას, ვისაც სურს გაიგოს ოპოზიციის მომავალი სამოქმედო გეგმა, მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის წინ 7 ნოემბერს დაგეგმილ აქციაში.

”მე ვფიქრობ,  რომ ოპოზიციას 7 ნოემბრისთვის ექნება ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა  კოორდინირებული საქმიანობის შესახებ”, – განაცხადა კონსერვატორული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა. ” ჩვენ ვამზადებთ ძალზე სერიოზულად 7 ნოემბერს. 7 ნოემბერი ეს არ  იქნება ერთჯერადი… ეს აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენ ქვეყანაში რეალურად არ მივაღწევთ დემოკრატიზაციის პროცესის დაწყებას”.

7 ნოემბრის აქციაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ახალი მემარჯვენეები, ლეიბორისტები და რესპუბლიკელები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)