Transparency International დონორთა კონფერენციის გამჭირვალობას მოითხოვს

Transparency International-მა 21 ოქტომბერს საჭიროებათა შეფასების იმ ანგარიშის გამოქვეყნება მოითხოვა, რომლის საფუძველზეც 22 ოქტომბერს ბრიუსელში დაგეგმილ კონფერენციაზე საერთაშორისო დონორები მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის თანხების გამოყოფის თაობაზე.

22 ოქტომბერს ბრიუსელში მინისტრების დონეზე დაგეგმილი კონფერენციის თანათავმჯდომარეები იქნებიან ევროკომისია და მსოფლიო ბანკი. კონფერენციაზე აგვისტოს ომის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად თანხების მოზიდვაა დაგეგმილი.

საჭიროებათა შემფასებელმა მისიამ, რომელმაც მსოფლიო ბანკი ხელმძღვანელობდა, დაადგინა, რომ საქართველოს 2.38 მილიარდი ევრო დასჭირდება მომდევნო სამი წლის მანძილზე ბიუჯეტის, სოციალური სექტორის მხარდასაჭერად და ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის, განაცხადა მსოფლიო ბანკმა 16 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში.

”მიუხედავად საჭიროებების შეფასების პრიორიტეტულობისა საქართველოს მომავლისთვის, ამ შეფასებათა შინაარსი საიდუმლოდ რჩება საქართველოს ხელისუფლების თხოვნის საფუძველზე,” – განაცხადა Transparency International Georgia-მ განცხადებაში. ”მაგალითად, უცნობია როგორ დაიხარჯება 700 მილიონი აშშ დოლარი იმ თითქმის ერთი მილიარდიდან, რომელიც ”სოციალური სექტორის საჭიროებებისთვის” გამოიყო. Transparency International Georgia-ს ესმის, რომ საჭიროებათა შეფასებების ზოგიერთი ნაწილი შეიძლება შეიცავდეს  კერძო სექტორის მონაცემებს, რომელიც კონფიდენციალური უნდა დარჩეს ამ ეტაპზე, თუმცა ეს არ უნდა ეხებოდეს მთლიან დოკუმენტს”.

მისი თქმით, თავად დონორთა კონფერენცია ”დახურულ კარს მიღმა ტარდება”.

”მიუხედავად მრავალი თხოვნისა, არც ერთ ქართველ წარმომადგენელს, გარდა მთავრობის პატარა გუნდისა, და არც ერთ დამოუკიდებელ საერთაშორისო დამკვირვებელს, არ შეუშვებენ, რათა თვალი ადევნოს კონფერენციის მსვლელობას,” – განაცხადა ორგანიზაციამ.   
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)