ბრიუსელში დონორთა კონფერენცია გაიხსნა
ბრიუსელში 22 ოქტომბერს დაგეგმილ ერთდღიან კონფერენციაზე 70-ზე მეტი ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი შეიკრიბა საქართველოს ომისშემდგომი რეკონსტრუქციისთვის სახსრების მოსაზიდად.
საქართველოს დელეგაციას ბრიუსელში პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ხელმძღვანელობს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას დაამტკიცონ, რომ ”ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ,” იტყობინება AFP.
“ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ხელგაშლილი დახმარებით, რომ ჩვენ ისინი არ გვავიწყდება და რომ ჩვენ პოლიტიკური მოგვარება გვსურს,” – განაცხადა მან.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ განაცხადა კონფერენციის გახნისას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ”მორალური ვალდებულება” გააჩნია დაეხმაროს საქართველოს.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროკომისიის დაპირება საქართველოსთვის სამი წლის მანძილზე 500 მილიონი ევროს გამოყოფის თაობაზე; სავარაუდოდ, ამ თანხას ევროკავშირის ინდივიდუალური წევრი სახელმწიფოებიც შეუერთდებიან.
”ის ფაქტი, რომ ამდენი ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი შეიკრიბება დღეს აქ იმ დროს, როდესაც ჩვენ სერიოზული ფინანსური კრიზისის წინაშე ვდგავართ, წარმოადგენს ძლიერ სიგნალს ჩვენი მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ,” – იტყობინება AFP ბაროზოს სიტყვებზე დაყრდნობით. ”ევროკავშირს მტკიცედ სჯერა და მხარს უჭერს ქცევის გარკვეულ ნორმებს და ღირებულებებს და მათ შორისაა დავების მშვიდობიანი მოგვარება”.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს დახმარება მნიშვნელოვანია ევროპისთვის, რადგანაც ნებისმიერ კონფლიქტს საქართველოში ”აქვს პოტენციური ღირებულება ევროპისთვის, ჩვენი ენერგოუსაფრთხოების და დივერსიფიკაციის სტრატეგიისთვის”.
საჭიროებათა შემფასებელმა მისიამ, რომელმაც მსოფლიო ბანკი ხელმძღვანელობდა, დაადგინა, რომ საქართველოს 2.38 მილიარდი ევრო დასჭირდება მომდევნო სამი წლის მანძილზე ბიუჯეტის, სოციალური სექტორის მხარდასაჭერად და ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)