გალში აფხაზური ადმინიტრაციის თანამშრომელი მოკლეს
ტყვარჩელის რაიონის ერთ-ერთი სოფლის ადგილობრივი ადმინისტრაციის თანამშრომელი რომან აშუბა 24 ოქტომბერს გალის რაიონში მოკლეს, იტყობინება ”აფსნიპრესი”.
აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა ოთარ ხეციამ განაცხადა, რომ აშუბას მანქანა, რომელშიც სამი სხვა ადამიანიც იჯდა, სამმა უცნობმა პირმა გააჩერა სოფელ დიხაზურგაში. ”ისინი ძალით გადმოიყვანეს მანქანიდან და აშუბა მოკლეს,” – განაცხადა ხეციამ და დასძინა, რომ აშუბას თანამგზავრებისთვის ”ხელი არ უხლიათ”.
22 ოქტომბერს აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი ედუარდ ემინ-ზადე გალის რაიონში მოკლეს. აფხაზურმა მხარემ, ”ქართული დივერსიული ჯგუფი” დაადანაშაულა ორივე მკვლელობაში. თუმცა, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ორივე მკვლელობა უკავშირდება აფხაზურ ”კრიმინალურ დაჯგუფებებს” შორის შიდა ბრძოლას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)