ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი: ”არავითარი დეტალები, მხოლოდ ზოგადი ბრალდებები რუსეთისგან”
ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა განაცხადა, რომ მისია ”სასიამოვნოდ განაცვიფრა” სერიოზული ინციდენტების ნაკლებობამ და აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების განცხადებები თავდასხმების შესახებ ”გაბერილია”.
”ზოგადად, დაკვირვება ისეთია, რომ ამგვარი ინფორმაცია გაბერილია,” – იტყობინებიან დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოები გერმანელ დიპლომატზე დაყრდნობით, რომელმაც ეს განცხადება 24 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ”შესაძლოა იყოს ცალკეული სროლები, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვანი ინციდენტი არ დაფიქსირებულა”.
რუსეთმა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ ევროკავშირის დამკვირვებლები ქართული მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის იგნორირებაში დაადანაშაულეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველომ თავისი სპეცრაზმი განათავსა სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც, მისი თქმით, დარღვევაა.
ჰაბერის თქმით, იქ იმყოფებიან მსუბუქად შეიარაღებული ნაწილები – შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმები. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ მათი იქ ყოფნა შეესაბამებოდა რეგიონში საპოლიციო ფუნქციების განხორციელებას.
”რუსებისგან რაიმე დეტალები არ მიგვიღია. ჩვენ მხოლოდ ზოგადი ბრალდებები გვესმის,” – განაცხადა მან.
ჰაბერმაასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის დამკვირვებლებს უნდა მიეცეთ საშუალება შევიდნენ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის შიგნით რათა გადაამოწმონ განცხადებები იმის თაობაზე, რომ ქართული მხარე ცეცხლის ხსნის მათი მიმართულებით.
”ჩვენ ვთხოვთ, ვაკაკუნებთ კარებზე და მიგვაჩნია, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებს შესაძლოა საკუთარი ინტერესი ჰქონდეთ ჩვენს შეშვებაში, თუ უნდათ, რომ სავარაუდოდ ქართული მხრიდან განხორციელებული სროლები გამოძიებულ იქნას,” – განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა.
კითხვაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ყოველდღიური ურთიერთობა რუსულ ძალებთან, ჰაბერმა უპასუხა: ”ჩვენ ფაქტიურად ტელეფონების ნომრებიც კი არ გვაქვს მეორე მხარეს. ვითხოვთ ამას და კვლავაც მოვითხოვთ”.
მისი თქმით, მისი რუსულ მხარესთან შვეიცარიის საელჩოს საშუალებით ურთიერთობს. რუსეთმა თბილისში შვეიცარიის საელჩოს სთხოვა მისი დიპლომატიური ინტერესების წარმოდგენა საქართველოში მას შემდეგ, რაც რუსეთმა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტეს.
ჰაბერმა ასევე განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომ დაახლოებით 4,400 ადამიანმა დატოვა ახალგორის რაიონი.
მისი თქმით, როგორც EUobserver.com იტყობინება, მათ, ვინც სამხრეთ ოსეთში დარჩა რუსული პასპორტების აღებას აიძულებენ.
”თუ რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთი, მას ასევე აქვს ვალდებულება, რომ გარკვეული სტანდარტები დაცული იქნას. დევნილების იძულება, რომ სხვა პასპორტები აიღონ სახლში დაბრუნების სანაცვლოდ ამ სტანდარტებს არ შეესაბამება,” – განაცხადა ჰაბერმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)