ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა დასახელდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 27 ოქტომბერს საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის დროს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე თურქეთში, ალბანეთსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში საქართველოს ელჩის გრიგოლ მგალობლიშვილის კანდიდატურა დაასახელა.

პრეზიდენტის განცხადებით, უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი სათავეში ჩაუდგება ახალ ფინანსურ კომისიას, რომელსაც საქართველოს ფინანსური კრიზისიდან გამოყვანა დაევალება.
 
”ჩვენ ლადო გურგენიძეთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის აღარ იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გადავა ახალი ფინანსური კომისიის თავმჯდომარედ, რომლის ფუნქციაა ფინანსური კრიზისის კონტროლი და საქართველოს ფინანსური სისტემის სტაბილიზაცია,” – განაცხადა პრეზიდენტმა.  ”და ახალ პრემიერ-მინისტრად საქართველოში ჩვენ წარმოგიდგენთ პარლამენტში გეგა მგალობლიშვილს”.

პრეზიდენტის თქმით, გეგა მგალობილშვილი ვალდებული იქნება უახლოეს დღეებში წარმოგადგინოს მთავრობის ახალი შემადგენლობა და ”დეტალურად გაიაროს კონსულტაციები პარლამენტის ყველა წევრთან, ყველა ფრაქციასთან, ყველა ჯგუფთან”.

35 წლის გეგა მგალობლიშვილი, რომელიც არასდროს ყოფილა ჩართული პოლიტიკაში, 1995 წლიდან საქართველოს საგარეო  საქმეთა სამინისტროში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. 2004 წელს იგი საქართველოს ელჩად დაინიშნა თურქეთში.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობაში შესაძლო ცვლილებებმა არ უნდა შეაფერხოს აგვისტოს ომის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის  მუშაობა.

”ჩვენ მოვუწოდებთ კომისიას განაგრძოს თავისი საქმიანობა და მთავრობის ყოფილმა წევრებმა და მთავრობაში დარჩენილებმა უნდა განაგრძონ მასთან თანამშრომლობა,” – განაცხადა სააკაშვილმა.

ამ განცხადებიდან ცოტა ხანში პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს შეხვდა და განაცხადა, რომ მთავრობის ახალ  შემადგენლობაში ”რადიკალური ცვლილებები” არ იგეგმება, რადგანაც ”მთავრობამ ძირითადად კარგად იმუშავა”.

მისი თქმით, გრიგოლ მგალობლიშვილი არის ”ძალიან კარგი ელჩი” თურქეთში, ქვეყანაში, რომელმაც, მისი თქმით, დიდი ინვესტიციები განახორციელა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში. ”ჩვენ გვჭირდება პრემიერ-მინისტრი, რომელიც შეძლებს ინვესტიციების მოზიდვას,” – დასძინა სააკაშვილმა.

მან ასევე შეაქო ყოფილი პრემიერ-მინისტრი და განაცხადა, რომ ლადო გურგენიძეს ”საქართველოსთვის ძალიან რთულ პერიოდში მოუწია მთავრობის ხელმძღვანელობა – იყო ომი, და ამას დამატებული ”უპრეცედენტო მსოფლიო ფინანსური კრიზისი”.

სააკაშვილის თქმით, ის ახალი ფინანსური და საინვესტიციო კომისია ან საბჭო (სააკაშვილმა ახალი სტრუქტურა ორივენაირად მოიხსენია), რომლის თავმჯდომარეც გურგენიძე იქნება, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განთავსდება.

”ეს სტრუქტურა ინვესტიციების მოზიდვას გაუკეთებს კოორდინაციას და საბანკო სექტორს გააკონტროლებს. ეს არის სპეციალური ორგანო, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით და ამ საბჭოს მიზანი იქნება ქვეყნისთვის ფინანსური კრიზისის შედეგების თავიდან აცილება,” – განაცხადა სააკაშვილმა.

”ჩვენ ახალი გამოწვევების და უზარმაზარი საფრთხეების წინაშე ვდგავართ… საქართველოს თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ეგზისტენციალური საფრთხე,” – განაცხადა მან რუსეთზე მინიშნებით. ”ამ გამოწვევების მოგვარებას ახალი ძალა და ახალი კადრი სჭირდება”.

”ამ გამოწვევებზე ერთადერთი პასუხია ახალი რადიკალური დემოკრატიული რეფორმები – მე სხვა რეცეპტი არ მაქვს, რომ შევთავაზო ახალი მთავრობას… ჩვენ გვჭირდება უფრო ლიბერალური ეკონომიკა,” – დასძინა მან.    

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)