მთავრობაში რადიკალური ცვლილებები არ იგეგმება – სააკაშვილი
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გრიგოლ მგალობლიშვილს ”სრული ავტონომია” ექნება ახალი მთავრობის დაკომპლექტებისას.
”საქართველოში პრემიერ-მინისტრის შეცვლა განპირობებული იყო იმით, რომ ერთი ეტაპი დამთავრდა,” – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს 29 ოქტომბერს ნორვეგიაში ვიზიტის დროს. ”ჩვენ გვჭირდება ახალი პროგრამები, ჩვენ გვჭირდება ჩვენი დაპირებების კიდევ უფრო მეტი ძალით შესრულება, 18-თვიანი აღდგენითი პერიოდის კიდევ უფრო წარმატებით გავლა და 50-თვიან პროგრამაზე დაბრუნება”. ”ჩვენი მთავარი საპროგრამო ამოცანები არა მხოლოდ არ იცვლება, ჩვენ გვჭირდება უფრო ენერგიულად მათი შესრულება,” – დასძინა მან.
სააკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობის წინა შემადგენლობამ გაუძლო ”ძალიან რთულ გამოწვევებს” და ეს ფაქტი გათვალისწინებულ უნდა იქნას ახალი მთავრობის დაკომპლექტებისას.
”მინდა ვთქვა, რომ პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს აქვს სრული ავტონომია მთავრობის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებისას. რაღაც რადიკალურ ცვლილებებს ის არ ახორციელებს. რა თქმა უნდა, მუდმივად საჭიროა ახალი სისხლის შემოდინება მთავრობის ყველა დონეზე, მუდმივად საჭოროა განახლება,” – განაცხადა მან.
თავდაპირველად იგეგმებოდა მთავრობის ახალი შემადგენლობის დასახელება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 29 ოქტომბერს 14:30 საათზე, თუმცა სხდომა 17:00 საათისთვის გადაიდო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)