ბურჯანაძე ”არაადეკვატურ” სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტისა და ხელისუფლების ”უპასუხისმგებლობასა” და ”არაადეკვატურობას” უწოდებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს.

დემოკრატიული განვითარების ფონდის პრეზიდენტი ახალი პრემიერის გრიგოლ მგალობლიშვლის კანდიდატურას მიესალმება, თუმცა აცხადებს: ”ეს არ არის ადამიანი, რომელიც დღევანდელ ვითარებაში შეძლებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრობას”.

”წაგებული ომის ფონზე შეცვალო კულტურის მინისტრი, გარემოს დაცვის მინისტრი და საგარეო საქმეთა სამინისტროდან გადაიყვანო ერთადერთი ადამიანი, გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ახერხებდა პროფესიონალურ დონეზე საუბარს…ეს არის ქვეყნის მასხრად აგდება”,  – ნათქვამია ბურჯანაძის კომენტარში, რომელიც მისი ფონდის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

”როდესაც წაგებულ ომზე პასუხს არ აგებს თავდაცვის მინისტრი, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამას ადეკვატურად შეაფასებს,”- აღნიშნავს ბურჯანაძე.

მთავრობაში საკადრო ცვლილებების შედეგად შეიცვალა მხოლოდ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის ოთხი წევრი. ძირითადმა მინისტრებმა, მათ შორის ძალოვანებმა თანამდებობები შეინარჩუნეს. 

ბურჯანაძის მოსაზრებით, შექმნილ ვითარებაში რადიკალური სამთავრობო ცვლილებები იყო საჭირო.

”ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება არაადეკვატურად აფასებს, რაც მოხდა ქვეყანაში და იმას, თუ რა მოლოდინი აქვს ხალხს,”- აცხადებს ბურჯანაძე, ”ძალიან ვწუხვარ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ამას ძალინ მძიმე შედეგები მოჰყვება”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)